სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე საავტომობილო გზის მეოთხე ლოტის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემის შესწავლის მიზნით ლანჩხუთის საკრებულოში დროებითი სამუშა ჯგუფი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში ძირითადად მაჟორიტარი დეპუტატები გაერთიანდნენ. ჯგუფის ხელმძღვანელობა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარეს გიორგი ჩახვაძეს დაეკისრა.
რეალური სურათის შექმნის მიზნით, ჯგუფის წევრთა გადაწყვეტილებით, ისინი უპირველესად საჯარო რეესტრიდან გამოითხოვენ ამონაწერს 2010 წლიდან დღემდე როგორც ფიზიკური პირის მიერ, ასევე აუქციონის წესით გაყიდული მიწის შესახებ.
როგორც ჯგუფის წევრებმა პირველ შეხვედრაზე განაცხადეს, ისინი გამგებლის წარმომადგენლებთან და აქციის მონაწილეებთან ერთად გავლენ საყანე ფართობებში, ადგილზე აღწერენ რეალურად რა რაოდენობის მოსავლის მიღებაა შესაძლებელი ერთ კვ.მ-ზე. ასევე დაფიქსირდება ის ფართობებიც, რომლებიც ბოლო წლები არ დამუშავებულა.