ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის დირექტორის, დავით წულაძის წარდგინებით მაჩხვარეთის საბავშვო ბაღს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს და აქ სავარაუდოდ, სასწავლო პროცესი ორშაბათიდან განახლდება, თამარ კერესელიძის სახით ახალი ხელმძღვანელი ყავს.
თამარ კერესელიძე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო და 2013 წელს გამგეობაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში ერთ-ერთი სპეციალისტის თანამდებობაზე დაინიშნა. ბოლო პერიოდში კი მაჩხვარეთში გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწის პოსტი ეკავა.
"პირველ რიგში ჩემი არჩევანი განაპირობა იმან, რომ მინდოდა ბაღის გამგედ ადგილობრივი კადრი შემერჩია. ამასთან თამარს წარმატებით აქვს განვლილი საჯარო მოხელეთა კონკურსი და ვფიქრობ, საუკეთესო არჩევანი გავაკეთე"– აღნიშნა დავით წულაძემ.
მაჩხვარეთის საბავშვო ბაღში ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური გასული სასწავლო წლის მიწურულს თანამშრომლებს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ გახდა. მაშინ სააღმზრდლო ცენტრის საბჭოს გადაწყვეტილებით ბაღის გამგე დალი მუსერიძე და კონფლიქტში მონაწილე ოთხი პირი სამსახურიდან გაუშვეს. აქამდე მაჩხვარეთის საბავშვო ბაღში ხელმძღვანელის მოვალეობას ცენტრის თანამშრომელი გვანცა ჩხარტიშვილი ასრულებდა.