თითქმის ორ საათს გაგრძელდა სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უეფას სპეციალური წარმომადგენელიც ესწრებოდა. აღმასკომის წევრებმა მოისმინეს უეფას რეკომენდაციები ყრილობის პროცედურებთან დაკავშირებით და პირველ საკითხად განიხილეს საფეხბურთო სკოლების ასოციაციის დელეგატის – არჩილ არველაძის საკითხი. უეფას რეკომენდაციის თანახმად, ვინაიდან არჩილ არველაძე ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ძმაა და ხმის უფლებით სარგებლობს, შესაძლოა, საქმე გვქონდეს ინტერესთა კონფლიქტთან. ამიტომ, უეფამ სფფ-ის აღმასკომს მისცა რეკომენდაცია, შეეცვალა საფეხბურთო სკოლების ასოციაციის დელეგატი.
კანონით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ, საფეხბურთო სკოლების ასოციაციის ხელმძღვანელმა და დელეგატმა – არჩილ არველაძემ აღმასკომს წარუდგინა ახალი დელეგატის კანდიდატურა, რომელიც აღმასრულებელმა ორგანომ ერთხმად დაამტკიცა. ასე რომ, ხვალინდელ ყრილობაზე საფეხბურთო სკოლების ასოციაციას წარმოადგენს ვეტერანი ფეხბურთელი – ნუკრი კაკილაშვილი.
მეორე საკითხად განიხილებოდა გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის დელეგატების საკითხი. ვინაიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოჩა ტყებუჩავას შეეზღუდა დელეგატობის უფლება, ხოლო გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს – კახა ებრალიძეს დელეგატის წარდგენა (ანალოგიური სიტუაცია იყო რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის შემთხვევაშიც), უეფამ გასცა რეკომენდაცია, ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით, აღმასკომის დავალებით, ამ ორი ფედერაციის ხელმძღვანელს დაეტოვებინა აღმასკომი და გადადგომის შემდეგ, თავად მინიჭებოდათ დელეგატის სტატუსი.
სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, უეფას ამ რეკომენდაციაზე აღმასრულებელმა კომიტეტმა და უეფას სპეციალურმა წარმომადგენელმა ერთად იმსჯელეს. კახა ებრალიძისა და გია შარაბიძის თანხმობის შემდეგ კი, აღმასკომმა მათი უფლებამოსილება შეაჩერა და დელეგატად წარდგენას კენჭი უყარა.
შესაბამისად, ხვალინდელ არჩევნებში მონაწილეობას დელეგატთა სრული რაოდენობა მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ სფფ-ის XXIV საარჩევნო ყრილობა გაიმართება ხვალ, 3 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან, სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში.