საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახლადდანიშნული ნოტარიუსები ვალდებულები იქნებიან სამი წლის განმავლობაში ისეთ ადგილებში იმუშაონ, სადაც ნოტარიალური მომსახურება მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
მთავრობის ინიციატივით, პარლამენტს განსახილველად "ნოტარიატის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომლის მიზანს სანოტარო მომსახურებით ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რომელიც აღნიშნული მომსახურების მიღების შესაძლებლობას მოკლებულია. პროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.
კანონპროექტის მიხედვით, დასახლებათა ნუსხას, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს. ამასთან, ახლად დანიშნული ნოტარიუსისთვის სანოტარო ბიუროს განთავსების ადგილს (დასახლებას), მის ნოტარიუსად დანიშვნასთან ერთად, იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავს, ხოლო სანოტარო ბიუროს კონკრეტულ ადგილმდებარეობას, განსაზღვრული დასახლების ფარგლებში, თავად ნოტარიუსი აირჩევს.
ახლად დანიშნული ნოტარიუსებისთვის კანონპროექტი გარკვეულ სოციალურ გარანტიებს ადგენს.
ნოტარიუსის წახალისებისა და მისი საქმიანობის განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, ნოტარიუსს საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას ნოტარიუსთა პალატა გაუწევს.