თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებს შორის, სხდომის მიმდინარეობისას მომხდარი უთანხმოების მიზეზებს, რაც კოლეგიის მოსამართლის აცილების საკითხმა გამოიწვია, სასამართლოს პრესსამსახურში განმარტავენ.
როგორც "გურია ნიუსს" პრესსამსახურში განუცხადეს, "სასამართლო კოლეგიის შემადგენლობის ორმა მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის თავმჯდომარის, ლილი მსხილაძის აცილების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერთ-ერთი დოკუმენტის მომზადებაში, რომელიც ბრალდების მხარეს მტკიცებულებად ჰქონდა წარმოდგენილი ამ საქმეზე".
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეები – ლილი მსხილაძე, ლია ორკოდაშვილი და მაია ქოქიაშვილი 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის საქმეს განიხილავდნენ, თუმცა მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებმა სხდომაზე მოსამართლე ლალი მსხილაძის აცილება მოითხოვეს
ადვოკატების მტკიცებით, მოსამართლე მსხილაძე, რომელიც კოლეგიას თავმჯდომარეობდა, ვერ იქნება ობიექტური ვინაიდან ნოემბრის მოვლენების დროს ლილი მსხილაძე სახალხო დამცველ სოზარ სუბარის მრჩეველი იყო და სწორედ მან მოამზადა ომბუდსმენის დასკვნა 7 ნოემბერის მოვლენებზე.
სწორედ, ადვოკატების ეს შუამდგომლობა გაითვალისწინა სხდომის ორმა მოსამართლემ ლია ორკოდაშვილმა და მაია ქოქიაშვილმა, რის გამოც, მიიღეს გადაწყვეტილება ლილი მსხილაძის აცილების თაობაზე, რამაც მოსამართლეებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.
მსხილაძემ ორკოდაშვილი და ქოქიაშვილი არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა, რასაც ერთ-ერთი მოსამართლის, ლია ორკოდაშვილის რეპლიკა მოჰყვა, რომ თუ მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო მაშინ თავისი აცილების საკითხს დააყენებდა.
სასამართლოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ორკოდაშვილის ეს განცხადება ხუმრობით იყო ნათქვამი.
"თვითონ მოსამართლემაც განმარტა სხდომაზე, რომ თუ არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მსხილაძის აცილების თაობაზე, რასაც მხარი მან დაუჭირა, მაშინ ის მიიჩნევს, რომ საკუთარი აცილების საკითხიც უნდა დააყენოს. თუმცა, ეს ხუმრობით იყო ნათქვამი. გაურკვევლობა კი, არასწორად ინფორმაციის გაშუქებამ გამოიწვია", _ აღნიშნავენ სასამართლოში.
რაც შეეხება პროცედურებს, თუ როდის გაიმართება შემდეგი სასამართლო სხდომა და ვინ შეცვლის ლილი მსხილაძეს, ჯერჯერობით უცნობია.
"საქმე სხვა დროისთვის არის გადადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის ზუსტი თარიღი ცნობილი, როდის გაიმართება სასამართლოს შემდეგი სხდომა. როგორც კი განისაზღვრება სხდომის თარიღი, მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდება მხარეებს და შეატყობინებს. მსხილაძე აცილებულ იქნა, რაც შეეხება მის შემცვლელს, ჯერჯერობით არც ეს არის ცნობილი, ვინ იქნება", _ განმარტავენ სასამართლოში.