ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები სმენის და მეტყველების უნარსმოკლებულები _ ზ.მ.-ლი და ნ.მ. ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.
აღნიშნული ოჯახი სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება, ჰყავთ ერთი მცირეწლოვანი შვილი.
მათ პატარა საცხოვრებელ სახლს სახურავის პრობლემა აქვს და ყოველი გაწვიმების დროს ოთახებში ისე წვიმს, როგორც გარეთ.
როგორც ისინი გვეუბნებიან, ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს დახმარების თხოვნით, თუმცა, დახმარება არ ჩანს.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნ. მ.-ს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურისთვის არც გასულ და არც მიმდინარე წელს არ მიუმართავს. მათი განცხადებით, მომართვის შემთხვევაში, აღნიშნული ოჯახი სოციალური სამსახურის პროგრამით დახმარებას მიიღებდა.
რაც შეეხება სახლის გადახურვას, პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ქალაქის მერიის 2015 წლის პრიორიტეტი მრავალბინიანი კორპუსების გადახურვა და რეაბილიტაციაა. აქედან გამომდინარე, ქალაქის მერიაში სიძველით დაზიანებული სახლების გადახურვის პროგრამა შემუშავების პროცესშია. პროგრამის დასრულების შემდეგ კი შესაძლებელი გახდება, მოქალაქეებს სახლის გადახურვასთან დაკავშირებით, სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, გაეწიოთ დახმარება.