ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ინტენსიური პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგი პოლიტიკური კონტაქტები, _ ამ სიტყვებით წარადგინა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი ახალი პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე.
"ქალბატონი ფიქრია დაიკავებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ჩვენს ადმინისტრაციაში და იმ პროცესებში, რომელიც აქტიურად არის ჩართული პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. ბუნებრივია, რომ ჩვენ სწორედ ძალიან შთამბეჭდავი პოლიტიკური წარსულიდან მოვდივართ, მე მახსოვს ქალბატონი ფიქრია სტუდენტობიდან, როცა ყველანი ჩართულები ვიყავით პოლიტიკაში. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან ინტენსიური პოლიტიკური გამოცდილება და ძალიან კარგი პოლიტიკური კონტაქტები.
ბუნებრივია, ქალბატონი ფიქრია იმუშავებს პრეზიდენტის ინსტიტუტში და ერთად დავგეგმავთ იმ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს სრულ ღირებულებით თანხმობას იმიტომ, რომ ძალიან ბევრ საკითხში ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, იმ პროცესებს, რომელიც უნდა განხორციელდეს. მაგრამ ამავდროულად, ჩვენი თანამშრომლობა იქნება ერთმანეთის შემვსები, რადგან ჩვენთან გუნდში მოდის ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი", _ განაცხადა პრეზიდენტმა ჩიხრაძის წარდგენისას.
ამავე თემაზე: