ტელეკომპანია „მაესტრო“ განცხადება ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიის საქმიანობას მიზანმიმართულად აფერხებენ.
"ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ ერთ-ერთი პარტნიორი და მისი წარმომადგენელი, იმის მიუხედავად, რომ არ წარმოადგენენ სამართლებრივ მხარეს მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმეში, საეჭვოდ გახშირებული ბრიფინგებით და სხვა აქტივობებით მიზანმიმართულად ახდენენ ნეგატიურ გავლენას პროცესებზე.
კერძოდ, აშკარად არაუფლებამოსილი პირების მიერ, დროის გაჭიანურების მიზნით, ხდება საჩივრების წარდგენა, ასევე ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება.
ჩნდება ეჭვი, რომ საქმე გვაქვს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხების მიზანმიმართულ მცდელობასთან.
მოვუწოდებთ სასამართლოს, ასევე, ყველა სახელმწიფო სტრუქტურას და სახელმწიფო მოხელეს, ნებსით თუ უნებლიედ არ მოექცნენ არასამართლებრივი გავლენის ქვეშ.
ვფიქრობთ, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ფუნქციონირება არის სწორედ ის სიკეთე, რომლის დაცვაც სწორედ მათი ვალდებულებაა", – აღნიშნულია "მაესტროს" განცხადებაში.