"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კობა ხაბაზი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ცუდი და კარგი ვარიანტისთვის მზად არის.
"ყველაზე რთულია რაიმე კონკრეტული მოლოდინი გქონდეს. მოლოდინი გაქვს მხოლოდ იმ ადამიანისგან, ვინც აზროვნებს, ფიქრობს და გარკვეული ლოგიკა არსებობს მის ქმედებაში, ან შენვე უნდა იყო ისეთივე პარანოიკი, როგორიც ივანიშვილია, რომ გამოიცნო, ის რას გააკეთებს. ჩვენ არ ვართ ფსიქოპატები და მანიაკები, ჩვენ ვართ გაწონასწორებული ხალხი, რომელსაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და გვინდა დავიცვათ სიტყვის თავისუფლება.
ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი ვარიანტისთვის ვართ მზად. მზად ვართ იმისთვის, რომ თუ მის პარანოიას საზღვარი არ ექნება, როგორც სიტყვით, ასევე, აქციით, ღონისძიებით და ფიზიკურად დავიცვათ "რუსთავი 2".
ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ეყოფათ მინიმალური კეთილგონიერება და შეეცდებიან ეს სამარცხვინო ნაბიჯი არ გადადგან, ჩვენი დღევანდელი აქცია შეჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლა რუსეთუმე, პუტინის მონების წინააღმდეგ გაგრძელდება. გაგრძელდება იმიტომ, რომ საქართველო უკეთეს მომავალს იმსახურებს, ამათ ხელში კი, ქვეყანას მომავალი არ უწერია", _ განაცხადა ხაბაზმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.