გორის "დილასთან" წინა ტურში განცდილი სასტიკი მარცხის შემდეგ, "გურიას" შელახული რეპუტაციის ნაწილობრივ აღდგენა დღეს საშინაო შეხვედრაში, ბათუმის "ბათუმთან" შეეძლო. ახლოსაც იყო მიზანთან, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ შეინარჩუნა.
შეხვედრა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, დიდი ვერაფერი საცქერი გამოდგა. აშკარაა გიალო ჩხაიძის სამწყსო, თამაშის ხარისხზე მწყრალადაა. არც ზღვისპირელები წყვეტდნენ ვარსკვლავებს და ტრადიციული ქართული ბურთაობა გაჩაღდა მდორე ტემპით და უამრავი სათამაშო წუნით.
ჩხაიძემ სიურპრიზი შემოგვთავაზა და შემტევ სანდრო ბახიას, დაცვის მარცხენა ფლანგი ჩააბარა. ერეკლე კილაძე თავდამსხმელთა უკან განაწესა, ზაზულია კი ისევ დაცვის ცენტრში დატოვა. ბახიას შემთხვევაში ამ ექსპერიმენტმა გაამართლა და ამ ახალგაზრდა ადგილობრივი კადრის საგოლე გადაცემის შემდგომ გავიდა მატჩის პირველი გოლი. ეს ყველაფერი მეორე ტაიმის დებიუტში მოხდა, როცა ბახიამ მოედნის მარცხენა ფლანგზე შეუტია და საჯარიმოში საოცრად ეფექტური პასი გააკეთა. იქ კი მცველებს დინამიურ ეპიზოდში დაასწრო ვანო წილოსანმა და ერთი შეხებით არანაკლებ ეფექტურად გაიტანა.
ამ გოლამდე მთელი ტაიმი იყო და დროის ამ მონაკვეთში ორადორ ეპიზოდს გაიხსენებდა კაცი. ორივე სტუმართა კართან იშვა. პირველ ჯერზე აფრიკელი ბოტოგოას მოჭრილი დარტყმა სტუმართა კიპერმა, მიხეილ ალავიძემ კუთხურზე მოიგერია, იქიდან ჩაწოდებული ბურთი კი მცველებს აეჭრათ და კინაღამ ავტოგოლი ვიხილეთ. მეორედ კი კილაძის მარჯვნიდან საჯარიმოში შეჭრას მოჰყვა იგივე, თუმცა აქაც გადარჩნენ სტუმრები.
გატანილი გოლის შემდგომ "გურიას" ორჯერ მართებდა გატანა, ორივე ეპიზოდში წილოსანმა ჩინებულად ითამაშა და ჯერ მოსიაშვილს, მერე კი იმავ ბოტოგოას, ბურთი ფეხზე დაასვა, მაგრამ ორივეჯერ მისი გარჯა უხეირო ფეხის მოქნევებით წყალში ჩაიყარა.
ვერ გაიტან და გაგიტანენო, ხომ გაგიგიათ, ასეც მოხდა სულ მალე და აქეთ გასატანი სტუმრებმა იქეთ გაიტანეს. ივარგა ამირან აბუსელიძემ და კარიდან ზურგშექცეულმა ეფექტურად მოიქნია ცაცია და მეკარე უშანსოდ დატოვა.
ბოლო ათ წუთში თითო-თითო ხიფათი გაცვალეს მეტოქეებმა. ჯერ ისევ წილოსანის პასით გატანა ზაზულიას მართებდა, მაგრამ ალავიძემ მას სასწაულებრივ აუღო და დამატებულზე არც ბოტოგოა გაახარა, ისეთი რეაქცია გამოავლინა.
ბოლო წამებზე "გურია" მარცხს გადაურჩა. ვერ ივარგეს სტუმრებმა და ბოძებული კარგი შანსი უხეიროდ გაანიავეს.
ფაქტია, რომ "ბათუმმა" ქულა უფრო მოიპოვა, ვიდრე "გურიამ", რომელმაც 2 ქულა დაკარგა აშკარად. შინ ქულების განიავება, მაშინ როცა სტუმრად კაპიკია თამაში, ძალიან მტკივნეულია და საბოლოო შედეგზეც აისახება შესაბამისად. ამ ეტაპზე კი გურულები 9 ქულით მე 12 ადგილზე დარჩნენ, ხოლო ბათუმელები 13 ქულით მეცხრეზე ანაცვლდნენ.