ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.
როგორც ივანიშვილმა "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მარგველაშვილს განმარტებების გაკეთება მოუწევს.
"აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იყო პრეზიდენტის გამოსვლა და კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა საზოგადოებას. კიდევ ერთ გაუგებრობაში მოყვა ეს კაცი. კაცმა, რომელსაც კონსტიტუციით ევალება კონსტიტუციური ბალანსი, დაარღვია კანონი. კანონის სადარაჯოზე მდგომად უნდა თავი მოგვაწონოს და ამ დროს თვითონ არღვევს მას თავისივე გამოსვლაში – მარგველაშვილს არ აქვს უფლება მოსამართლეს მიანიშნოს. ისივე როგორც, არ ჰქონდა უფლება განაცხადოს ის, რომ რაღაც ხდება. სხვათა შორის, ხიდაშელმა უპასუხა ძალიან კარგად. მე უფრო მწვავედაც ვუპასუხებდი", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა პრეზიდენტს მოუწევს განმარტებების გაკეთება.
"ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც ხატავს სიტუაციას, რომ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიდის ქვეყანა, უნდა რომ მხარი მხოლოდ ამ დაუძლურებულ ძალას დაუჭიროს და "გააპრაოს", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ის ვინც აკეთებს ასეთ განცხადებას, სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს მხარს.
"აბა, ნახეთ, მარგველაშვილის განცხადების შემდეგ 2 საათში "ნიუ იორკ თაიმსი" აქვეყნებს სტატიას და აქებს პრეზიდენტს. ვისი გაკეთებულია ეს? მარგველაშვილს სად აქვს ამის რესურსი? მაგრამ არ დაგვავიწყდეს იაკობაშვილი, რომელიც დღემდე რჩება ამერიკაში "ნაციონალური მოძრაობის" ელჩად ან ვინმე ამის მსგავსი. "ნიუ იორკ თაიმსში" სტატიის გამოქვეყნება არ არის იოლი და ამ შემთხვევაში კიდევ 5 წუთში გამოქვეყნდა", _ აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.