ვინ, რატომ და როგორ აწამებდა პატიმრებს, რას ითხოვდნენ დაკავებულებისგან და რას იხსენებენ ყოფილი პატიმრები მათ მიერ გადატანილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ _ პატიმართა წამების ისტორიები ფონდ “ღია საზოგადოება_ საქართველოს“ 2014 წელს გამოქვეყნებულ კვლევაშია მოთხრობილი.
ნუგზარი, 37 წლის (ისტორიაში ასახულია თბილისის #5, რუსთავის #16 , ქსნის #19 , გლდანის #18, დაწესებულებებში გადატანილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები): „დამაკავეს და გადამიყვანეს გლდანის #8 დაწესებულებაში, რის შემდეგაც არ ვიცი რა დამემართა, შოკი იყო, თუ რა იყო, მე ასეთი წამება არსად მენახა მანამდე… ეს ე.წ. „კარანტინის დაშლა“, ადამიანების არაადამიანური ხმით ყვირილი.
თუ თანამშრომლობაზე ხელს არ მოაწერდნენ, სასტიკად ექცეოდნენ საკანში. წრესავით ჰქონდათ გაკეთებული ეს „კარანტინი“ და ყველას იქ უნდა გაევლო. ყველას სცემდნენ, განსაკუთრებით მკვლელობის და ყაჩაღობის მუხლებით გასამართლებულებს. კარანტინის გავლის შემდგომ, საკანში აგვიყვანეს, იქაურმა ოფიცერმა გაგვაფრთხილა, რომ ხმის ამოღებაც კი არ შეიძლებოდა, ანუ ჩურჩულიც გვეკრძალებოდა.
პატარა ხმაურზეც შემოდიოდნენ, ე.წ. „პალაჟენია“ მოჰყავდათ და ცემით და დაშინებებით „აგდებდნენ“ ხალხს ე.წ. „შპონკის“ ქვემოთ. უამრავი დასჯის მეთოდი ჰქონდათ: მუხლებზე დაყენება, საპნის ნაჭრების იძულებით გადაყლაპვა, სპეციალურად ხერხემალში დარტყმა. ეს ყველაფერი ალბათ იმისთვის ხდებოდა, რომ დაეინვალიდებინათ ეს ხალხი. ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო უმაღლეს დონეზე, არ ვიცი, მე პირადად, ადამიანად არ ვთვლიდი იქ თავს, არაფერი არ ვიყავი და ვერც მომავალში ვხედავდი პერსპექტივას. თითქმის ყველა იყო ცემაში ჩართული, ხელის დარტყმის უფლება არ ჰქონდა მხოლოდ კონტროლიორს. კონტროლიორი უშუალოდ აღებს და კეტავს საკნის კარს.
ჰაერზე გასვლის უფლება არ გვქონდა. გასასეირნებლად გასვლას თუ მოვითხოვდით, ისე გვაგინებდნენ და გვიყვიროდნენ, რომ მეორედ ნამდვილად აღარ სთხოვდი. კვება საშინელი… მე საერთოდ მიჭირს ამის გახსენება… ახლაც, რომ მახსენდება… დიდი ფსიქოლოგიური სტრესი მივიღე მეორე პატიმრობისას გლდანის ციხეში… იმიტომ, რომ პირველ შემთხვევაში, არ მქონია ეგეთი ზეწოლა და ფსიქოლოგიური ტრავმა, არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური… არ ვიცი, ეხლაც რომ მახსენდება… ყოველდღიური სტრესი იყო!
ყოველ დღე საშინელების მოლოდინში ვიყავით. ხანდახან ცემა გვერჩივნა მათ მიერ მოყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას. გვაგინებდნენ, გვამცირებდნენ. იყო ერთი ასეთი სასჯელიც – დაგაყენებდნენ შუა საკანში და ხუთი-ექვსი საათის განმავლობაში, ჩუმად უნდა მდგარიყავი, არ განძრეულიყავი. ამას, რა თქმა უნდა, ცემა გვერჩივნა. შიშები და ჰალუცინაციები დამეწყო, სრული უიმედობის შეგრძნება მქონდა, საკუთარ თავს ადამიანად აღარ ვთვლიდი. უძილობა მაწუხებდა, ხოლო ძილში კოშმარული სიზმრები მესიზმრებოდა. თვითმკვლელობის მცდელობებიც მქონდა. ვთხოვე ექიმი გამოეძახათ.
ალბათ ამიტომაც მომიყვანეს. მართალია, დიდი თხოვნის შემდეგ მაგრამ როგორც იქნა, მოვიდა და მნახა ფსიქიატრმა. რაღაც წამლები დამინიშნა. ამ წამლებს იშვიათად უნიშნავდნენ პატიმარს. რვა თვის განმავლობაში ვსვამდი და მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესდა, მაგრამ ზეწოლა ისევ გრძელდებოდა. პირადად მე თუ არ მეხებოდნენ, კამერაში ჩემს თვალწინ მეგობარს რომ სცემდნენ, ესეც ჩემთვის წამების ტოლფასი იყო. პრინციპში, სიტუაცია ყველასთვის ერთი და იგივე იყო.
აი, უკვე მეოთხე თვეა რაც გამათავისუფლეს, მაგრამ დღესაც თავს საშინლად ვგრძნობ, ფსიქოლოგიურად განადგურებული ვარ, თავს ვერ ვერევი, გადატანილი მძიმე სტრესის გამო ნერვული სისტემა შემერყა. უძილობა ისევ მაწუხებს. მედიკამენტებს ვღებულობ, თითქოს მდგომარეობამ ცოტა გამოსწორება დაიწყო. ამას თან ერთვის ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობა, უმუშევრობა, ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტი. უამრავი რამის შიში დამჩემდა, მაგალითად, ქუჩაში თუ დავინახავ ფორმიან ადამიანს, მეშინია არ დამაკავოს და მცემოს. სახლში კარზე კაკუნის ან უცნობი მამაკაცის ხმის გაგონებაზე ცუდის მოლოდინი მაქვს“.
გაგა, 36 წლის (ისტორიაში ასახულია გლდანის მე-8 და მე-18, თბილისის პირველ დაწესებულებებში გადატანილი წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტები): „მე, როგორც იმ რაიონის წარმომადგენელს, საიდანაც ჩვენი ამჟამინდელი პრემიერია (იგულისხმება იმჟამინდელი ოპოზიციის ლიდერი, რომელიც შემდგომში პრემიერ მინისტრი გახდა), უდოთი გათავისუფლების და უკეთესი პირობების სანაცვლოდ შემომთავაზეს მიმეცა ცრუ ჩვენება მისი პარტიის წევრების წინააღმდეგ.
თითქოს პარტიის აქტივისტები საარჩევნო ხმების სანაცვლოდ, ჩემი ოჯახის წევრებს ჰპირდებოდნენ ჩემი ციხიდან გათავისუფლებას. მე იმდენად დავალებული ვიყავი ამ ადამიანისგან, რომ ჯერ ერთი, ტყუილი რატომ უნდა მეთქვა, მერე მეორე, როცა სკოლაში ვმუშაობდი ხელფასს მიხდიდა, მამაჩემის ოპერაცია დააფინანსა, ჩემი ოპერაცია დააფინანსა, არა იმიტომ, რომ პირადად ვიცნობდი, ან ის მიცნობდა, ან რამეს წარმოვადგენდი, უბრალოდ, როგორც კეთილი ადამიანი გაჭირვებულ ოჯახს დაგვეხმარა. წარმოგიდგენიათ, ახლა მე რამხელა ტვირთი უნდა ამეღო ჩემს თავზე, რომ ასეთ ადამიანზე რაღაც ცილისმწამება დამეწერა?
როგორ უნდა მეცხოვრა საერთოდ, ჩემი შვილისთვის და ჩემი ახლობლებისთვის როგორ უნდა შემეხედა თვალებში?! ამიტომ კატეგორიული უარი განვაცხადე. უარის განცხადების შემდეგ, რეჟიმის და სოციალური სამსახურის უფროსებმა შემათრიეს მორგში, მიმაბეს გვამების გასაკვეთ მაგიდაზე და რაღაც სპეციალური მარწუხებით ფეხის თითები გადამიმტვრიეს, რომლიდანაც რამდენიმე თითი დიდი წვალებით მე თავად ჩავისვი, ხოლო ფეხის ორი თითი ამჟამადაც ისე ძლიერაა დეფორმირებული, რომ ფეხსაცმლის ჩაცმა და სიარული მიჭირს. ფეხის თითების მოტეხვის გარდა ხელკეტს მირტყამდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ და როცა გონებას ვკარგავდი, ცივ წყალს მასხამდნენ გამოსაფხიზლებლად, შემდეგ ისევ აგრძელებდნენ წამებას .მაინც ყველაფერს გავუძელი“.
გენრიხი, 44 წლის (ისტორიაში ასახულია გლდანის #8 დაწესებულებაში გადატანილი წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტები): „გლდანის ციხეში ყველაზე ცუდად ერთი დღე მახსოვს, გაიღო საკნის კარები და შემოვიდა დაახლოებით 6-7 კაცი, ფიზიკურად ძალიან ძლიერები და დაგვიწყეს ყვირილი, თუ რატომ ვხმაურობდით გუშინწინ, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ჩვენ არ ვხმაურობდით და თუ ვხმაურობდით, მაშინ რატომ არავინ არაფერი გვითხრა იმ დღეს და რატომ ამახვილებდნენ ამაზე ყურადღებას დღეს. ამაზე მოეშალა ნერვები ერთ–ერთს, მკითხა გვარი და აბა სუყველა დამწკრივდით და წამოდით აბანოშიო.
ძირითადი ცემა ხდებოდა აბანოში. ერთადერთი ადგილი მთელ ციხეში იყო აბანო, სადაც არ იყო კამერები. ჩვენ შორის იყო ერთი 18 წლის ბიჭი, ჩემი შვილის ასაკის ბავშვი. დაიწყეს ჩვენი სასტიკი ცემა. დაგვყარეს მეტლახზე დასისხლიანებულები. შემდეგ, რომ გავიხედე ამ ბავშვისკენ, კუთხეში ჰყავდა ერთ-ერთს მიმწყვდეული ეს ბავშვი, ხოდა, შეაგინე ქურდებსო, ეუბნებოდა. ეს ბავშვი არ აგინებდა, არც ქურდებს არც არავის. მაშინ, ახლა გააღე პირიო და დაიწყო შარვლის გახსნა. ამ მომენტში, მე ვეღარ მოვითმინე და საკმაოდ კორექტულად, ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე დავუყვირე, რას შვებით, ბავშვია, არ გრცხვენიათ მეთქი. ამან უფრო გააღიზიანა.
სულ ყველას უბრძანეს ჩაცმა იმიტომ, რომ წელს ზემოთ ყველა გახდილები ვიყავით და ყველა საკანში დააბრუნეს, მე დამტოვეს. შემდეგ გაგრძელდა ჩემი ცემა, ნახევრად მკვდარი მიმათრიეს საკანში. ეს არის სასტიკი ცემა, ანუ არანაიარი გარანტია არ აქვთ არც მათ, არც შენ, რომ არ შემოაკვდები. ეს არ არის უბრალოდ ცემა. ცემის დროს, ადამიანი ზომავს რაღაცას აი სად დაარტყას, როგორ დაარტყას. იქ არ არსებობს მსგავსი რაღაცა. წარმოიდგინეთ, ნაცემი რომ ხარ, ძირს აგდიხარ, განძრევის საშუალება არ გაქვს და 120 კილოგრამიანი ადამიანი საკმაო სიმაღლიდან გახტება მკერდზე, ზურგზე, თავზე…
იმდენად „მწვანე შუქი“ ჰქონდათ ანთებული, რომ არც სახეს იფარავდნენ ნიღბებით… ცემე, თუ გინდა, მოკალი, მაგრამ რეჟიმი უნდა იყოს ასეთი, როგორიც არის და ამას ეძახდნენ დისციპლინას. ბუზის გაფრენის ხმას გაიგებდით გლდანის ციხეში.
5000 პატიმარი სადაც იჯდა, თქვენ იქ გაიგონებდით ბუზის გაფრენას… იყო აბსოლუტური სიჩუმე. ჩემს გათავისუფლებამდე, დაახლოებით, სამი კვირით ადრე, შემოგვივარდნენ საკანში ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები, იმდროინდელი რეჟიმის უფროსის მეთაურობით, სტანდარტული ბრალდებით, რომ თურმე, ვხმაურობთ. ერთ-ერთ ჩემს თანამესაკნეს ეცნენ ყელში და დახრჩობა დაუწყეს. ეს არ იყო უბრალოდ ყელში ხელის მოჭერა, ბიჭი იხრჩობოდა, რეალუარად იხრჩობოდა, უკვე გაშავდა, ენა გადმოუვარდა… მე ჯერ სიტყვიერად მივმართე, რომ თავი გაანებეთ მეთქი, შემდეგ რომ დავინახე სხვა გამოსავალი არ იყო, ხელი ვკარი ერთ–ერთს. ამ ჩემი ქმედების, ეტყობა შეეშინდათ და წამებში გაიქცნენ საკნიდან.
ზუსტად ხუთ წუთში გაიღო კარები და გამოგვიძახეს – ჯერ ის პიროვნება, რომელსაც ახრჩობდნენ და მერე მე. ჩაგვიყვანეს ორივე, ეგრეთწოდებულ, „კარანტინში,“ გაგვაშიშვლეს. შემდეგ ის პიროვნება მისმა მეგობარმა იცნო. თურმე, უბნელები ყოფილან და გადაარჩინა. მე ტანზე გახდილი დავრჩი „კარანტინში.“ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ატყდა სასტიკი ცემა. ნუ, ამას მე ცემას უკვე ვეღარ დავარქმევ იმიტომ, რომ სანამ ფეხზე ვიდექი, ჯერ ხომ მუშტები მირტყეს, თან ძალიან ბევრნი იყვნენ, ვერც გეტყვით, რამდენი იყვნენ, ვეღარც ვხვდებოდი უკვე, საიდან მხვდებოდა ხელი.
შემდეგ დავეცი და რაც მოვახერხე ერთადერთი ის იყო, რომ ავიფარე სახეზე ხელები, სახეში რომ არ მომხვედროდა. ამაზე რეჟიმის უფროსმა გამაშლევინა ხელები და შემაფურთხა. აღარ მახსოვს, რამდენი ხანი გრძელდებოდა ეს ყველაფერი, რაღაც მომენტში გონება დავკარგე და გონს რომ მოვედი, უკვე კარანტინის ერთ-ერთ ცარიელ საკანში ვიყავი მიგდებული აბსოლუტურად შიშველი. ჩემი ტანსაცმელი იქვე ეყარა ოღონდ დახეული; სპეციალურად დამიზიანეს ტანსაცმელი. პირველი რეაქცია ის მქონდა, რომ ტანსაცმელი ჩამეცვა, მაგრამ განძრევა ვერ მოვახერხე. წყლისთვისაც ვერ ავდექი. ასე გავატარე დაახლოებით ნახევარი საათი ბეტონის იატაკზე. მერე გაიღო კარები, შემოვიდა ოფიცერი, რომელიც მემგონი ამ ცემაში არ იღებდა მონაწილეობას.
ტანზე რატო არ იცმევო მკითხეს, მე ვუთხარი, რომ ვერ ვდგები მეთქი. მაგრამ ჩემი ხმა ვერ გავიგონე. მივხვდი, რომ დაყრუებული ვარ, ფაქტიურად არ მესმის ჩემი ხმა, თან უკვე რაღაც უაზრობებსაც ვლაპარაკობდი, უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი, რას ვლაპარაკობდი. მთელ ხმაზე ვყვიროდი, თქვენ გესმით ჩემი ხმა, თქვენ გესმით ჩემი ხმა? მერე ბოლოს თავი დამიკრეს, გვესმისო. მოკლედ, რაღაცნაირად ერთმა ამწია, მეორემ დამიწყო რაღაცეების ჩაცმა, ყველაფერი დახეული იყო. მომკიდეს ხელი და წამათრიეს, რადგან პრაქტიკულად, ვერ დავდიოდი. წამათრიეს სულ სხვა კორპუსში და ჩემთვის უცნობ საკანში შემაგდეს. ტომარას რომ შეაგდებ აი ეგრე და გამომიხურეს კარები. 8 კაციანი საკანი იყო. ის პატიმრებიც ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა, ვინ ვიყავი, რა მჭირდა იმიტომ, რომ ადამიანს აღარ ვგავდი უკვე.
რაღაცას მელაპარაკებოდნენ და მე პასუხს ვერ ვცემდი. ეს ყველაფერი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩემ აზრზე მოსვლას დაჭირდა 3 კვირა. შემდეგ ძლივს სასამართლოზე მიმიყვანეს, მოსამართლეს სტანდარტული პასუხი გავეცი, რომ კიბეებზე დავგორდი. უფლება არ მქონდა, რომ სხვა რამე მეპასუხა იმიტომ, რომ ამით უფრო გავირთულებდი მდგომარეობას და შეიძლება, გარეთ საერთოდ ვეღარც გავსულიყავი. ამიტომ, მე ყველაფერი შევასრულე ისე, როგორც იმ მომენტისთვის იყო საჭირო და გირაოთი გამათავისუფლეს“.
მიხეილი, 59 წლის (ისტორიაში ასახულია გლდანის #8, თბილისის #1 და ქსნის #15 დაწესებულებებში გადატანილი წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტები): „პატიმრობაში ამიყვანეს 2010 წლის აგვისტოში. სექტემბერში საკანში ხუთი ადამიანი შემოვარდა და პატიმრები სასტიკად გვცემეს. მე მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, ახალგაზრდობაში თავის ტრავმის გამო თავის ოპერაცია მაქვს გაკეთებული რის გამოც ხუთი წელი ვმკურნალობდი.
საკანში რომ შემოვარდნენ, ერთ-ერთი პიროვნება პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა და ორჯერ ძლიერ ჩამარტყა თავში, ნაოპერაციებ ადგილას. მათ შორის უფროსი ვინც იყო იცოდა, რომ ინვალიდი ვიყავი, გამომარიდა და გვერდზე დამსვა. დანარჩენი პატიმრები ჩემ თვალწინ ძლიერ სცემეს, ძირს აგდებდნენ და ფეხებს ურტყამდნენ, თითქოს ფეხბურთს თამაშობდნენ. ცემისთვის მიზეზი არ სჭირდებოდათ, მაგალითად, ორშაბათს ამოირჩევდნენ პირველ სართულზე მეორე და მესამე საკანს, მეორე კვირას – მეორე სართულზე, შემდეგ მესამეზე, შემდეგ ისევ პირველზე და ა.შ. იქ სულ არ იყო საჭირო რაღაცა მიზეზი.
მით უმეტეს, საშინელებაა, თუ პირველ სართულზე ხარ. საკანში ჩურჩულით ვლაპარაკობდით, რადიოს ყურმიბჯენილი ვუსმენდით. პერიოდულად შემოდიოდნენ და აბანოში მივყავდით. საშინელება იყო, გახდილი, თავიდან ბოლომდე ტიტველი დგახარ და ისინი გირტყამენ. ეს იმიტომ კი არა, რომ რაღაც მოხდა ან შენ დაარღვიე რეჟიმი, არა, უბრალოდ ასე სურდათ. საავადმყოფოში ომბუცმენმა მინახულა და მკითხა თუ რა დამემართა.
შეიძლება თქვენ ეხლა არ დაიჯეროთ, მაგრამ მე ვუთხარი დავეცი და თავი დავარტყი, რადგან მე რომ სიმართლე მეთქვა ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. დერეფანში რომ გამოვედით, ომბუცმენის წარმომადგენელმა მითხრა -”ჩვენ ისე ვერ დაგეხმარებით, თუ თქვენ თავად არ თქვით წამების ფაქტის შესახებ”. 2010 წელი იყო და მე შიშით მეტს ვერაფრს დავამატებდი. მივახვედრე, რომ ჩვენი საუბრის ფარული ჩაწერა მიმდინარეობდა. ომბუცმენის დასკვნაში მაინც ჩაწერეს, რომ მე დავექვემდებარე არაჰუმანურ მოპყრობას.“
დავითი, 42 წლის (ისტორიაში ასახულია თბილისის #-5 (დახურული), თბილისის #1, თბილისის #9 (ნახევრად დახურული), თბილისის #9 (დახურული) დაწესებულებებში გადატანილი წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტები): „რაც შეეხება წამებას, რამოდენიმეჯერ მქონდა მაგის გამოცდილება. ჯერ რომ მიმიყვანეს, მაშინ ძალიან მაგრად მცემეს, ისე მაგრად, რომ შუბლის ძვალი და კბილები ჩამემტვრა. ვერ მივხვდი რა უნდოდათ. თავს ვგრძნობდი აბსოლუტურად უსუსურად.
კონფლიქტი, ალბათ ყველას მოსვლია, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ ადამიანის ასე ცემა შეიძლებოდა, როგორც მე გამლახეს. მახსოვს, შუბლი რომ გამიტეხეს, იმხელა ხმა იყო, რომ შეეშინდათ და გაჩერდნენ. მე უკვე აღარაფერზე ვფიქრობდი, ფეხზე ჩამოვეკიდე ერთს და გინება დავუწყე, ჯობია მომკლათ მეთქი. მაშინ მივხვდი, რომ მათთვის ადამიანის მოკვლა არაფერს ნიშნავდა, გაგანადგურებენ ერთ წამში, როგორც ასანთის ღერს, ისე გადაგტეხავენ.
ვცდილობ ვიცხოვრო ამ კომპლექსებით იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრებაა და ვერ წავშლი. აი, წიგნიდან რომ ფურცელი ამოხიო და გააქრო… პატარა რომ ვიყავი, ზღაპრები მიყვარდა ძალიან. ჯერ კიდევ ბაღში, დედამ კითხვა მასწავლა და მაგ პერიოდში რაღაც ზღაპარი წავიკითხე, რომელიც ცუდად მთავრდებოდა. იმდენად ვინერვიულე, რომ ამოვხიე ეს ბოლო ფურცელი, ჩემებური დასასრული დავწერე და შიგნით ჩავამატე. აი, ამას ცხოვრებას ვერ უზამ. აგერ ჩამტვრეული შუბლი მაქვს, ამას რას ვუზამ? რამდენიც სარკეში ჩავიხედავ, ხომ სულ მახსენდება, როგორ უნდა წავშალო, რითი უნდა შევცვალო?“
შოთა, 57 წლის (ისტორიაში ასახულია გლდანის #8 და ქსნის #15 დაწესებულებებში გადატანილი წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტები): "მე სოდმა დამიჭირა, შემოვიდნენ და მითხრეს – ორი ბიჭი გყავს, ორივეს გვერდში მოგისვამთ, თუ აღიარებას არ გააკეთებო. მჯეროდა, რომ ამას გააკეთებდნენ, რადგან ბევრი მაგალითი მინახავს მსგავსი და დავთანხმდი. საპროცესოს გაგიკეთებთო შემპირდნენ, რა თქმა უნდა, არ გამიკეთეს.
4 წელი მომისაჯეს. ერთადერთ რამეს განვიცდიდი, ასეთი სისულელის გამო რომ აღმოვჩნდი ციხეში და ოჯახთან მიმართებაში მქონდა დისკომფორტი. კარი გაიღებოდა და გეტყოდნენ: „რადიოს რატო უსმენ?!“ გლდანზეა საუბარი (იგულისხმება გლდანის #8 დაწესებულება), მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ გვქონდა რადიო ჩართული. თუ ეტყოდი, რომ არ გვაქვს ჩართული, თხუთმეტ წუთში შემოლაგდებოდნენ, ძირითადად წყლით სავსე ბოთლებით ხდებოდა ცემა, თუ სერიოზულად ჰქონდათ ჩაფიქრებული ცემა, მაშინ აბანოში გავყავდით და იქ ხდებოდა „დამუშავება“.
ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, იმიტომ ხდებოდა, რომ დათრგუნულიყავი, ჩუმად ყოფილიყავი და ხმა არ ამოგეღო. მსგავსი შემთხვევები ხშირი იყო. ექვსი თვის შემდეგ წამიყვანეს ქსანის ძველ ზონაში, როგორც კი მანქანებიდან ჩამოგვიყვანეს, დაგვაყენეს კედელთან და გეუბნებოდნენ, -,,აიღე ჩესტი და თქვი: ვემსახურები საქართველოს!“ იტყოდი, მსუბუქად მოგხვდებოდა, თუ არ იტყოდი, მერე საერთოდ განგრევდნენ.
ქსნის დაწესებულების უფროსის მოადგილე 26 წლის ბავშვი იყო, ასე რამ გააბოროტა და გაამწარა ეს კაცი, ვერ ვხვდებოდი. ხელებით დაკიდება, დუბინკებით ცემა, დასისხლიანება, გადამტვრევა- გადმომტვრევა, საკუთარ თავზეც გამოვცადე მისგან ასეთი მოპყრობა. ერთხელაც შემომივიდა „დაჩკა“, ,,დაჩკაში“ ხაჭაპურიც იყო. ეტყობა ვინმემ მიიტანა ენა და დამიძახეს, ამიყვანეს კაბინეტში – რატომ აჭამე სხვას ერთი ნაჭერი ხაჭაპური, არც შენ გქონდა უფლება, მაგრამ დაგრთეთ ნებაო. ქართულ ოჯახში ვარ გაზრდილი და ვიცი სტუმართან მოქცევის წესი, ერთი ხაჭაპურის ნაჭერი რა პრობლემა გახდა მეთქი,
„შენ კიდე აქეთკენ მელაპარაკებიო?! რამდენი წლის ხარო“. ვუთხარი – 56;
„აი მე 26 წლის ვარო და შენისთანებს ასე ვუშვები და ისე ვუშვებიო“. ასე რამ გაგაბოროტა, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ცხოვრება არ გინდა, სულ აქ ხო არ იქნები მეთქი. პატარა ოთახი იყო, ადგა, მოვიდა, მე კედლისკენ ვიყავი მიტრიალებული, დუბინკა თირკმლებში ჩამარყდა, მერე წიხლი ამომარტყა, საოპერაციო გავხდი, მარცხენა სათესლე ჯირკვალი ამომაჭრეს. თირკმელები ახლაც არ მივარგა, დაწეულია, კბილები აღარ დამრჩა პირში.
იქიდან გამიშვეს კარცერში, 5 დღე ვიყავი იქ, მერე კომისია მოვიდა და გამომიშვეს, მითხრეს არ გამოვჩენილიყავი ტერიტორიაზე. ცემის მერე, დაახლოებით ორი თვე ვიწექი. გამირთულდა, ორი თვე დამჭირდა იმისთვის ბრძოლა, რომ „რეზბალნიცაზე“ გადავეყვანე და ოპერაცია გაეკეთებინათ, სათესლე ჯირკვალი ამომაჭრეს. იქაც ცხოველები იყვნენ. ოპერაციიდან რომ გამოგიყვანენ, ზარია რომ ექიმს დაურეკო, თუ ტკივილი გაქვს. ექიმს არა აქვს უფლება, შემოვიდეს, თუ ვინმე არ შემოყვა პალატაში. ამ ზარზე მეუბნებოდნენ, ნუ რეკავო. თუ კიდევ დარეკავდი, შეიძლება შემოსულიყვნენ და ეცემე.
ოპერაციიდან გამოყვანილი უცემიათ ტკივილები რომ ჰქონდა და ამბობდა მტკივაო. “პრახოდები” იყო, საიდანაც გამოდიოდა პირველი, მეორე, მესამე “ატრიადი”… იმ “ატრტიადის” კარებს ჩაკეტავდნენ და სამორიგეოს მხრიდან გაყავდათ ადამიანი და იქ “ამუშავებდნენ” არაფრის გულისთვის.
ეს ყველაფერი ხდებოდა იმისთვის, რომ შიში დაეთესათ. მარტო ჩემს იქ ყოფნაში ხუთმა კაცმა მოიკლა თავი. ერთმა „პარაშაში“ ჩამოიკიდა თავი, მეორემ ვენები გადაიჭრა, მესამემ მუცელზე გადაისვა… ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, ფსიქიკურადაც აღარ იყვნენ უკვე ნორმალურები. ჩემმა ფსიქიკამ იმით გაუძლო, რომ ძალიან ბევრს ვკითხულობდი; ვცდილობდი, საერთოდ არ მეფიქრა ამაზე, მეგობრებიც მყავდა. ვინც არ კონტაქტობდა საერთოდ არავისთან, მათ ემართებოდათ ფსიქიკური პრობლემები.
26 წლის ბავშვს (იგულისხმება ქსნის ციხის უფროსის მოადგილე) რა უნდა ჰქონდეს ნანახი და როგორ უნდა იყო ისე გაბოროტებული, რომ ასეთი რაღაცეები აკეთო?! ეტყობა, ბუნებაშიც აქვთ რაღაც, არჩევდნენ სპეციალურად ასეთებს. ძველები ვინც იყვნენ, ნორმალურები იყვნენ, შეგეძლო დალაპარაკებოდი კიდეც. გვეუბნებოდნენ ხოლმე – ბიჭებო, გეხვეწებით, ამას ნუ გააკეთებთ, გვავალებენ ჩვენც და იძულებულები ვხდებით და პენსიამდე ამდენი დაგვრჩა და…. ცემას ავალებდნენ, თან ესწრებოდა ვიღაცა და უყურებდა, ის გცემდა თუ არა და თუ არ გცემდა, მერე მას სამსახურიდან უშვებდნენ. იცი, რამდენი გაუშვეს სამსახურიდან?!
ერთი ბადრაგი იყო, რომ დაინახავდა სიგარეტი არ გქონდა, შეგიყვანდა ისე, რომ არ დაენახათ, სიგარეტს მოგცემდა. ესენი იყვნენ აბსოლუტურად ცხოველები, სისხლში, ხასიათში ეჯდათ სადისტური თვისებები. მე რამდენჯერ შევსწრებივარ იმას, რომ შემოვიდოდა მოადგილე ბიბლიოთეკაში, ვიღაცას დაუძახებდნენ, მე გარეთ მიშვებდნენ, მიიკეტავდნენ კარებს და კაცი გამოდიოდა თვალებდალურჯებული და გასისხლიანებული. ეს იყო სისტემატური და სუსტი ფსიქიკის ადამიანი ვერ უძლებდა. რამდენს ინფარქტი მოუვიდა და მოკვდა, ვერ გაუძლო, გასკდა გული, თან ვერც ვერაფერს უშვები, ხელებს დაგიბამდნენ უკან დაგაგდებდნენ და გირტყამდნენ.“