ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის გვერდით დაწყებული სკვერის მშენებლობა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ყველა შეხვედრასა თუ დებატებში სიამაყით აპიარებდა, სამი კვირაა შეჩერებულია.
ხელშეკრულების თანახმად, ობიექტი 22 ოქტომბერს უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა, სამუშაოების ნაწილი ჯერაც დაუსრულებელია. უფრო მეტიც, შპს "მარგი"-ს წარმომადგენლები, რომლებიც სამუშაოს ასრულებდნენ ჩოხატაურში, სამი კვირაა არავის უნახავს.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, კომპანიას საჯარიმო სანქციები ეკისრება:
_ ყოველ დღე მაქვს მათთან კავშირი. მეუბნებიან დღეს, ხვალ ჩამოვალთ და გავაგრძელებთ სამუშაოებსო. 22 ოქტომბერს უნდა ჩაებარებინათ, თუმცა, როგორც ამბობენ, პრობლემების გამო ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე საჯარიმო სანქციები ეკისრებათ. თუკი ამ კვირაში არ ჩამოვლენ და მშენებლობა არ განახლდება, ხელშეკრულებას შევუწყვეტთ და ახალი ტენდერი გამოცხადდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ ახალი სკვერი ჩოხატაურს საახალწლოდ აუცილებლად ექნება.
რა იწვევს მშენებლობების შეჩერებას, რომელი ობიექტებია გაჩერებული და რას აკეთებეს ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება _ ამ თემაზე ვრცელ მასალას მალე შემოგთავაზებთ.