"თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ სალუქვაძე მედიის წარმომადგენლებთან ამბობს, რომ ოზურგეთის რაიონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა რიგი პრობლემები.
_ კერძოდ, მე-6 ბრიგადის ტერიტორიაზე სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს ციტრუსის ბაღებთან მისასვლელი გზები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობა ბაღებიდან, დაახლოებით, 100 ტონამდე მოსავლის გამოტანას ვერ შეძლებს. გარდა ამისა, დაზიანებულია ცენტრალური გზის ახალდაგებული ასფალტის საფარი. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება სახიფათოა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მივმართავ რაიონის მუნიციპალიტეტს, გამოინახოს შესაძლებლობები და სასწრაფოდ მოვუგვაროთ ადგილობრივ მოსახლეობას არსებული პრობლემა, _ თქვა სალუქვაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, ბადრი გობრონიძის განმარტებით, სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა.
_ შეხვედრაზე მოგროვდა ინფორმაცია ტერიტორიულ ერთეულებში დაზიანებული გზებისა და რთული მონაკვეთების შესახებ, სადაც შესაძლოა, გართულდეს ციტრუსის რეალიზება. სოფლებში გამგებლის წარმომადგენლები მუშაობენ აღნიშნულ საკითხზე და მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, მუნიციპალიტეტი დაიწყებს პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას, _ გვითხრა ბადრი გობრონიძემ.































































