დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა ჩატარდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საფეხბურთო კლუბ "გურიასა" და მის ყოფილ მწვრთნელებს: თემურ ლორიასა და თენგიზ პატარაიას შორის არსებული ფინანსური დავის საკითხიც განიხილებოდა.
სხდომის დასრულების შემდეგ ჯერ კიდევ გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ გვითხრა, რომ აღმასკომმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო და „გურიას“ 15 ნოემბრამდე მისცა ვადა დაფაროს გუნდის ყოფილ მწვრთნელთა მიმართ არსებული დავალიანება.
"დიახ, დღეს მოხდა ამ საკითხის განხილვა და აღმასკომის ყველა წევრი კატეგორიული და ერთსულოვანი იყო, რომ საფეხბურთო კლუბ "გურიას" მიეცეს გონივრული ვადა ამა წლის 15 ნოემბრამდე დაფაროს არსებული დავალიანება. ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ რა თქმა უნდა, სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი. თუ დათქმულ დროში კლუბი არ გადაიხდის თანხას, მის მიმართ ამოქმედდება მკაცრი სანქციები. საუბარია ქულების დაკლებასა და ჩემპიონატიდან მოხსნაზეც კი", -განაცხადა ებრალიძემ.
მისივე თქმით, აღმასკომის წევრებმა გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ კლუბს ორჯერ მიეცა გაფრთხილება და ორჯერვე მოხდა გადავადება კლუბისვე თხოვნით. მას შემდეგ კი, რაც ყველა ვადა ამოიწურა, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგებელმა და ამვდროულად კლუბის პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ განაცხადა, რომ არ ცნობს ამ ვალს, აღმასკომი იძულებული შეიქნა ასეთი გადაწყვეტილება მიეღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ თავად ზაზა ურუშაძესაც, რომელმაც გაგვიცხადა, რომ არაფერი იცის აღმასკომის გადაწყვეტილების შესახებ.
"მე ჯერ არაფერი გამიგია, როცა მაცნობებენ კომენტარსაც შემდგომ გავაკეთებ", -დასძინა ურუშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საუბარია დაახლოებით 40 ათას ლარზე, რომელსაც თემურ ლორია და თენგიზ პატარაია ყოფილ კლუბს ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის გამო ედავებიან.




































































