სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალი პროექტის "შექმენი სამოსი შენი ეროვნული ნაკრებისთვის" პრეზენტაცია მოეწყო.
პროექტი ფართო საზოგადოებას წარუდგინეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ და თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებლებმა თაკო ჩხეიძემ და მაკა ყუბუსიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტული ფედერაციების, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები და დიზაინერები.
პროექტის ფარგლებში სამინისტრო აცხადებს კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი ქართველი დიზაინერების დახმარებით სპორტული სამოსის შექმნას საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებისთვის (სხვადასხვა სპორტის სახეობებში), რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას მსოფლიო ასპარეზზე. აღნიშნული პროექტი ხორციელდება Tbilisi Fashion Week – თბილისის მოდისკვირეულის მხარდაჭერით.
კონკურსის ფარგლებში დიზაინერებმა უნდა წარმოადგინონ ეროვნული ელემენტების გამოყენებით შექმნილი სპორტული სამოსის ესკიზები, ქართული ტრადიციული ორნამენტებისა და ეროვნული სიმბოლიკის გამოყენებით: მაისური; პოლო; შარვალი; მოსაცმელი; შორტი; ჩანთა; ზურგჩანთა; პირსახოცი; სპორტული ფეხსაცმელი.
ნამუშევრების წარსადგენად კონკურსანტებს ეძლევათ ერთი თვე (ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა 2 დეკემბერი). ნამუშევრები, ესკიზები მიიღება ელექტრონული სახით მისამართზე: pr@msy.gov.ge/ ან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მის: თბილისი 0162, ჭავჭავაძის 49ა.
საუკეთესო ნამუშევარს და კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულ კონკურსანტს ერთჯერადი პრიზის სახით გადაეცემა 3000 ლარი და სამომავლოდ მიეცემა საშუალება ითანამშრომლოს კომპანიასთან, რომელიც გაიმარჯვებს ტენდერში და შექმნის ახალ სპორტულ სამოსს საქართველოს ეროვნული ნაკრებებისთვის.