ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დღეს ქარტიის ვებგვერდზე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (GNCCტელეკომპანია GDS-ის ეთერში გასული გადაცემის კანონმდებლობასა და ქცევის კოდექსთან შესაბამისობის შესწავლას თხოვდა.
წერილში საბჭო აღნიშნავდა, რომ ტელეკომპანია GDS-ს ეთერში 10 ნოემბერს გავიდა გადაცემა „არაკორექტული შოუ“, რომელიც ძირითადად ეძღვნებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. წამყვანის მონოლოგი გაჯერებული იყო შეურაცხმყოფელი და უხამსი ლექსიკით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, „იკრძალება ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“.
გარდა ამისა, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 54-ე მუხლის თანახმად, „მაუწყებელმა უნდა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან“.
„როგორც სახელწოდებიდან ჩანს, მომდევნო გამოშვებებში შენარჩუნებული იქნება პირველ გადაცემაში არჩეული სტილი და ლექსიკა. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, შეისწავლოთ გადაცემის შესაბამისობა როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან, ისე „მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან“ – აღნიშნული იყო საბჭოს მიერ GNCC-სთვის გაგზავნილ წერილში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ წერილი საბჭომ ქარტიის ვებ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაიშალა. “არაკორექტული შოუს” "კორექტურა" ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე გაკეთდა.
“გურია ნიუსის კითხვას, რატომ აიღეს ვებ-გვერდიდან გაცხადება ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატა ძველიშვილმა არ უპასუხა, რადგან მისი განმარტებით, ეს მისი კომპეტენცია არ არის და ქარტიის იურისტთან, დავით კლდიაშვილთან გადაგვისამიმართა.
_ განცხადებაში ვაპელირებდით "მაუწყებლობის შესახებ" კანონის 56-ე მუხლზე და ვინაიდან აღნიშნული მუხლის ერთი ნაწილი საკონსტიტუციომ გააუქმა, ამიტომ განცხადებას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა და უკან გამოვითხოვეთ. _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კლდიაშვილმა.
































































