თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ, ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულ ილია ტიმჩენკოს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო და სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.
სასამართლოს ინფორმაციით, მას ბრალად ედებოდა ქურდობის მცდელობა ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
"საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია სხვისი ავტომანქანიდან აკუმულატორის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტს.
სასამართლომ მოისმინა მოწმეთა ჩვენებები და მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით", _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.































































