"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში სამხარეოს უფროსს კობა ცერცვაძესა და უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსს გიორგი კვირჩილაძეს შორის დაძაბული ურთიერთობაა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გიორგი კვირხჩილაძემ გურიის მთავარ პოლიცმაისტერს კობა ცერცვაძეს მისი დანიშვნით იმედები გაუცრუა, მეტიც კვირჩილაძის მიერ გახორციელებულმა საკადრო პოლიტიკამ ის მოლოდინი არ გაამართლა, რასაც შსს მაღალჩინოსნები ელოდნენ.
კვირჩილაძისა და ცერცვაძეს შორის დაძაბული ურთიერთობა, კვირჩილაძის პატაკის დაწერით დასრულდა, თითქოს ჯერ შვებულებაში უნდა გასულიყო, შემდგე კი სამსახურში უკან ვეღარ მიბრუნდებოდა, თუმცა "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსსმა მისი თანამდებობაზე დატოვების საკითხი მაინც "გაარკვია" და ის დღეს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს.
"გურია ნიუსი" აღნიშნულ საკითთხთან დაკავშირებით ერთხელ უკვე წერდა.
"შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორთა სამმართველოს ახალდანიშნული უფროსი გიორგი კვირჩილაძე, თანამშრომლებს უხეშად ექცევა, ის გამოირჩევა პოლიციელისთვის შეუფერებელი ქცევით. ამის შესახებ "გურია ნიუსს" პოლიციის არაერთმა თანამშრომელმა, ასევე რამდენიმე მოქალაქემ, რომელიც თავად შეესწრო აღნიშნულ ფაქტს, განუცხადა.
"ის გამოირჩევა მეტისმეტად უხეში ქცევით, თანამშრომლების მიმართ ზედმეტი აგრესიულობით. ამბობს, რომ ის გიორგი კვირჩხილაძეა და უნდა დაემორჩილონ მის ბრძანებებს, აცხადებს, რომ ის უწევს კონტროლს ყველა საქმეს და აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია მასთან უნდა მივიდეს. ამას მოითხოვს გურიის სამივე რაიონული სამმართველოს უფროსების, მოადგილეებისა და თანამშრომლებისაგან."
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, კვირჩილაძეს შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსობა სურს. მან დაიწყო კადრების დალაგება სამხარეო მთავარ სამმართველოში, ოზურგეთის რაიონული სამმართველო კი ფაქტიურად დაშალა. მისი ინიციატივით გადაიყვანა ოზურგეთის რაიონული სამმართველოდან გურიის სამხარეო სამმართველოში პოლიციელები გურამ სალუქვაძე, ლაშა შარაშიძე , კვირჩილაძის გუნდში მოიაზრებიან ჩოხტაურის პოლიციის ყოფილი უფროსი ტატო ვასაძე და მოადგილე გოჩა თავაძეც.
შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსი გიორგი კვირჩილაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აგრესიულობით გამოირჩევა თანამშრომლების მიმართ, რამდენიმე თვის წინ არ ადასტურებდა:
"რა უნდა გიპასუხოთ, რა ვიცი აბა რა გითხრათ. ისე თქვენ გაგიგიათ ჩემი აგრესიულობა? არა არა, არ არის ეს სიმართლე"_ ამბობს კვირჩილაძე.
ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსი გიორგი კვირჩილაძე პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელით გამოირჩეოდა, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ცერცვაძე "გურია ნიუსთან" არ ადასტურებდა და აღნიშნავდა, რომ გამორიცხულია მისი რომელიმე თანამშრომელი იქცეოდეს არაადეკვატურად.
"გამორიცხულია, რომ ჩემ დაქვემდებარებაში მყოფი რომელიმე თანამშრომელი იყოს უხეში, ან იქცეოდეს ისე, რომ არ შეეფერებოდეს პოლიციელს. არ არის სიმართლე ეს ინფორმაცია. თუ ასე იქნება, პირობას გაძლევთ, რომ ასეთი თანამშრომელი ჩემთან ვერ იმუშავებს"_ აღნიშნავდა ცერცვაძე.
ანალოგიური ხდება შსს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოშიც.ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირებაა ჩოხტაურის რაიონული სამმართველოს უფროსს დავით წულაძესა და მოადგილეს ზაზა დოლიძეს შორის.
ზაზა დოლიძის პოლიციის უფროსობა უკვე გადაწყვეტილი იყო, პირად საუბრებში დოლიძეს ულოცავდნენ კიდეც, მის კანდიდატურას მხარს სამხარეოს მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ცერცვაძეც და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელიც უჭერდნენ, თუმცა აქაც ვერ "გაიყვანა" ცერცვაძემ აღნიშნული პიროვნება და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსად უშიშროების კადრი დავით წულაძე დაინიშნა, მას მხარს ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იოსებ გოგაშვილი უჭერს მხარს.
აღსანიშნავია, რომ დავით წულაძე, სამსახურში როგორც ადრე, არც ახლა ოპერატიული საქმიანობით არ გამოირჩევა.
დაწერა თუ არა პატაკი უბნის ინსპექტორთა სამმართველოს უფროსმა სამსახურიდან წასვლის შესახებ და არის თუ არა დაძაბული ურთიერთობა გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს კობა ცერცვაძესა და გიორგი კვირჩილაძეს შორის, არცერთი მათგანი აღნიშნულ ინფორმაციას ჩვენთან საუბრისას არ ადასტურებს:
გიორგი კვირჩილაძე: "არანაირი პატაკი არ მქონია დაწერილი, არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ გვქონია. სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის კი პრესცენტრს მიმართეთ და ის გეტყვით, მე ამ შემთხვევაში ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, პატაკი რომ მქონოდა დაწერილი, მე დღეს ამ თანამდებობაზე არ ვიქნებოდი, " _ გვითხრა კვირჩილაძემ.
კობა ცერცვაძე: "რატომ გახდა ეს საინტერესო? არანაირ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, გიორგი გავუშვი შვებულებაში, მასე ყველა თანამშრომელს ვუშვებ, გავიდა შვებულებაში და ისევ გამოვიდა სამსახურში, სხვა მსგავსი რამ არ ყოფილა."
შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი კობა ცერცვაძე "გურია ნიუსთან" ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსს დავით წულაძესა და მისი მოადგილეს ზაზა დოლიძეს შორის დაპირისპირებასაც უარყოფს და მათ შორის დაძაბულ ურთიერთობას კატეგორიულად გამორიცხავს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილე ზაზა დოლიძე:
"რა კომენტარი უნდა გავკეთო, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება."
ამავე თემაზე:
იქცევა თუ არა შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელი სამსახურში არაადეკვატურად