საფრანგეთის პატარა ქალაქ რუბეში, მძევლების აყვანის საქმის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები, რომლებმაც მძევლები აიყვანეს, შესაძლოა არა ტერორისტები, არამედ ჩვეულებრივი მძარცველები იყვნენ.
"ყველაფერი დაიწყო იმით რომ, დაახლოებით 20 საათსა და 40 წუთზე, საფრანგეთის ქალაქ რუბეში, ათი კილომეტრის დაშორებით ბელგიის საზღვრიდან, საცხოვრებელ ბინაში სადაც, ბანკ "კრედიტ მუნიციპალის" დირექტორი ცხოვრობს, შეირაღებული პირი(ან პირები) შეცვივდნენ ძარცვის მიზნით, თუმცა როგორც პოლიცია ამ დროისთვის ამბობს, ბანკის დირექტორმა მოასწრო ღილაკზე ხელს დაჭერა და პოლიციისთვის განგაშის სიგნალის გაგზავნა.
პოლიციის მოსვლისთანავე, მძარცველებმა პოლიციის მოწოდებას, დანებებულიყვნენ, უპასუხეს რომ, ისინი ბანკის დირექტორს და მისი ოჯახის წევრებს მძევლებად აიყვანენ. ამ წუთებში საცხოვრებელ სახლში, პოლიცია ატარებს მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციას.
როგორც პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა,მძარცველი (ან მძარცველები) შეიარაღებული არიან , პოლიციას პერიმეტრი გადაკეტილი აქვს შემთხვევის ადგილიდან ორი კილომეტრის რადიუსზე. როგორც თვითმხილველები ამბობენ, რამოდენიმე წუთის მანძილზე ისმოდა ორმხრივი სროლები, შესაძლებელია იყვნენ დაჭრილები. პოლიციის წარმომადგენლებს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება ორმხრივ სროლებსა და შესაძლო დაჭრილებზე არ გაუკეთებია."- წერს გიორგი ფოფხაძე.