მაწანწალა ძაღლების პრობლემა ყოველთვის აწუხებდა ლანჩხუთის მოსახლეობას, თუმცა, ფაქტია, რომ ბოლო დროს საგრძნობლად იმატა ქუჩაში უპატრონო ცხოველებმა, რაც, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივთა უკმაყოფილების მიზეზია.
აღნიშნული პრობლემა ქალაქის მოსახლეობამ საკრებულოში მათი წარმომადგენლის, ევიკო ჩიჩუას წინაშეც დააყენა და მოითხოვა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა სათანადო ღონისძიებები გაატარონ.
"ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებული იყო _ ოზურგეთიდან ჩამოდიოდნენ და დრო და დრო იჭერდნენ მაწანწალა ძაღლებს. ახლა კი აღარავინ აქცევს ამას ყურადღებას და ძაღლების რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა. ნამდვილად არ ვარ ცხოველთა მოძულე და არც იმის მომხრე, ბარბაროსულად ხოცონ ეს შინაური ცხოველები, მაგრამ ისე გამოდის, რომ ცხოველების დაცვის ფონზე ჩვენ, მოქალაქეები ვრჩებით დაუცველები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფაქტია, ქუჩის ძაღლებს ვერავინ ჩაუტარებს აცრებს, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის. სად არ ნახავთ ამ მაწანწალა ძაღლებს, სკოლის დერეფნებშიც კი თავისუფლად დადიან.
ვინც ქალაქის ცენტრთან ახლოს ვცხოვრობთ, ეზოში ნორმალურად წიწილა ვერ გაგვიზრდია და ქათამი ვერ გაგვიშვია _ შეგვიჭამეს ძაღლებმა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხომ უნდა მიაქციოს ამას ყურადღება და რაღაც გამოსავალი მოძებნოს? ჩვენ რა დავაშავეთ, თუ ვიღაც უგულომ თავიდან მოიშორა ძაღლი და ქუჩაში დატოვა?! სულ არ ადარდებს, ამით სხვას რამდენი პრობლემა შეუქმნა. რამდენჯერ დაკბინა ქუჩის ძაღლმა ადამიანები, მათ შორის ბავშვებიც", _ ამბობენ ლანჩხუთელები.
მაწანწალა ძაღლების პრობლემა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე განლაგებულ მაღაზიისა და კვების ობიექტების მფლობელებისთვისაც აქტუალურია, როგორც ისინი ამბობენ, საკმაო დისკომფორტს უქმნის მათ აღნიშნული პრობლემა:
"ქუჩის ძაღლები თავს უმეტესად მაღაზიებისა და კვების ობიექტების წინ იყრიან. ნამდვილად არის საშიშროება, რომ მშიერმა პირუტყვმა საკვებისთვის ვინმე დაკბინოს. ლობიანსა თუ ხაჭაპურს, ძირითადად, სკოლის მოსწავლეები ყიდულობენ და რისკი, რომ ძაღლი ვინმეს თავს დაესხას, ნამდვილად არსებობს. განსაკუთრებით შეშინებული უმცროსკლასელები არიან, მათ სიახლოვეს მაწანწალა ძაღლს რომ დაინახავენ. ეს საკითხი ნამდვილად მისახედია და რაც შეიძლება მალე", _ ამბობს ჯორდანიას ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი კვების ობიექტის მეპატრონე.
აღნიშნული პრობლემა ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც აწუხებს, თუმცა როგორ მოაგვარებს ამ საკითხს, ჯერჯერობით ბუნდოვანია. რადგან, გამგებლის მოადგილესთან ნუგზარ ცინცაძესთან ჩვენი საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე, გამგეობამ შეწყვიტა თანამშრომლობა ოზურგეთის ერთ-ერთ სამსახურთან, რომელიც ლანჩხუთში ქუჩის უპატრონო ძაღლების დაჭერას ახორციელებდა, თუმცა, ალტერნატიული გზა პრობლემის მოსაგვარებლად არ გამონახულა.