გამოცემა "New Musical Express"-ის ცნობით, უახლოეს მომავალში ინგლისში ცნობილი მუსიკოსი ჯორჯ ჰარისონის ძეგლი დაიდგმევა.
ჰარისონი 2001 წელს გარდაიცვალა და სიკვდილამდე პატარა ქალაქ ჰენლიში ცხოვრობდა.
ერთი თვის წინ ამ დასახლების მკვიდრმა, 42 წლის ჯეიმს ლამბერტმა თანაქალაქელების დახმარებით აქცია წამოიწყო. მისი მიზანია გარკვეული თანხის შეგროვება, ამ ფულით ჰარისონის ბიუსტის დამზადება და მდინარე ტემზის ნაპირას მისი დადგმა.
ქალაქ ჰენლის მერმა მარტინ ეიკჰერსტმა ეს იდეა მოიწონა. ძეგლის დასადგმელად ოფიციალური ნებართვის გასაცემად 7 ათასი ხელმოწერის შეგროვებაა აუცილებელი.
ბრიტანული მას-მედიის ცნობით, ლამბერტის წამოწყებამ ჰენლიში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ხელმოწერების შეგროვება მაღალი ტემპით მიმდინარეობს და მომავალი წლის დასაწყისში ჰარისონის ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.