ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის იმ კურსდამთავრებულებს, რომელთაც 2015 წელს წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და სახელმწიფოსგან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად 100% დაფინანსება მიიღეს, წახალისებისთვის მუნიციპალიტეტმა ფულადი ჯილდო დაუწესა 1000 ლარის ოდენობით, თუმცა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსის როლანდ ლაშხიას ინფორმაციით, ამ ბავშვებს 1000 ლარიანი დაფინანსება მუნიციპალიტეტისგან ჯერ არ მიუღიათ.
"ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ ერთ-ერთ ბავშვს დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ქონდა, რომელიც გვარდება და თითოეულ მათგანს თანხა აუცილებლად ჩაერიცხება" – განმარტა ლაშხიამ საკრებულოს ბოლო სხდომაზე.
გამგეობის სოციალური სამსახურსი უფროსის, თამარ ფირცხალაიშვილის თქმით, კი წამახალისებელი ფულადი ჯილდოს გაუცემლობის მიზეზი არასაკმარისი თანხა იყო.
"მცირედი თანხა გვაკლდებოდა, ნაკლულს ხომ ვერ გავცემდით, ამიტომაც ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა და თანხა მუხლიდან მუხლში გადავიტანეთ. კონკრტეულად ვერ გეტყვით როდის, მაგრამ ძალიან მალე მიიღებენ ეს ბავშვები აღნიშნულ თანხას", -განაცხადა სატელეფონო საუბარში თამარ ფირცხალაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთიდან 2015 წელს წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სახელმწიფოსგან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად 100% დაფინანსება მიიღო საჯარო სკოლის სამმა კურსდამთავრებულმა.