ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მხიარულთა და საზრიანთა კლუბების შემოდგომა-ზამთრის ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს სოფელ მერიის საჯარო სკოლის გუნდი "ვფიქრობ", სოფელ ზემო ნატანების "შერეკილები" და ძიმითის საჯარო სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდი "კათიონი" ეჯიბრებოდნენ. გამარჯვება ძიმითის გუნდმა მოიპოვა.
ჩემპიონატში სულ 11 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ შეხვედრაზე, რომელიც ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში გაიმართება, მათგან მხოლოდ სამი საუკეთესო მოხვდება.
ღონისძიების ორგანიზატორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური და ა(ა)იპ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი".
ჩემპიონატის მიზანი მოზარდთა და ახალგაზრდების გააქტიურება, მათი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და მხიარულთა და საზრიანთა თამაშების პოპულარიზაციაა.