ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა. სწორედ მაგ დროს ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით რამდენიმე სოფლიდან კითხვები მოვიდა.
– რაც უფრო მეტი კითხვა იქნება დასმული, უფრო მეტად იქნება ჩვენი ამომრჩეველი ინფორმირებული. იაქტიურეთ და ჩვენ შეძლებისდაგვარად გაგცემთ პასუხს, – აღნიშნა შეხვედრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ.
"გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ იმ კითხვებს, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გამოაგზავნა მოსახლეობამ.
"ლიხაურის კულტურის სახლს ესაჭიროება სახურავის შეცვლა. შენობაში ჩამოდის წყალი. გთხოვთ გაითვალისწინოთ ბიუჯეტში. ამავე შენობის დარბაზს, სადაც ყოველწლიურად იმართება სკოლის კურსდამთავრებულების ღონისძიება, ესაჭიროება შიდა რემონტი."
"თუ შეიძლება სოფელ ოზურგეთში სანაგვე ურნები რომ დადგათ თითოეული ქუჩის დასაწყისში."
"ლაითურის პირველ საბავშვო ბაღს, სადაც დადის შშმ აღსაზრდელი, არ აქვს პანდუსი, საჭირო ინვენტარი და გთხოვთ გაითვალისწინოთ."
" არის თუ არა შეტანილი საპრივატიზაციო ნუსხაში ლაითურის ყოფილი აგრო-ეკონომიკური კოლეჯის შენობა?"
"ნარუჯის მოსახლეობას აინტერესებს, ცენტრში არსებული კლუბის დემონტაჟის შემდეგ, რისი მშენებლობა იგეგმება. ჩვენთვის სასურველია მოეწყოს კულტურისა და დასვენების ცენტრი."
"ნარუჯაში როდის იგეგმება ოზურგეთი-ნარუჯა-ლაითურის გზის რეაბილიტაცია?"
ონლაინ-რეჟიმში მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს პასუხები ნაწილობრივ გაეცა.
"ყველა კითხვას აუცილებლად გაეცემა პასუხი. ამ კითხვებს შესაბამისი სამსახურები უპასუხებენ.
ლაითურში ბევრი რამ კეთდება, გზა იქნება, მისი გაკეთება მომავალი წლიდან დაიწყება, რადგან იქ ისეთი ობიექტი იხსნება, გზა აუცილებელია. საუბარი მაქვს ციხის მშენებლობაზე."- თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.
"ჩემს მტერს, ისეთი ობიექტი იხსნება" – გააკეთა უმალვე კომენტარი დეპუტატმა ხვიჩა წულაძემ.
"გურია ნიუსი" დაინტერესდება ამ საკითხებით და მოგვიანებით შემოგთავაზებთ ხელისუფლების პოზიციას.