თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს და ბრალდებული კ.მ. დამნაშავედ სცნეს არასრულწლოვანი გ.ბ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. მოსამართლემ ბრალდებულ კ.მ-ს სასჯელის სახით თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. კ.მ -ს როგორც არასრულწლოვანს, სასჯელის ¼ მოაკლდა და საბოლოოდ განესაზღვრა ათი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების შედეგად დადასტურდა, რომ 2015 წლის აპრილში, თბილისში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის ტერიტორიაზე შელაპარაკების დროს არასრულწლოვანმა კ.მ-მ მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით, არასრულწლოვან გ.ბ-ს გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ-ს შეუნარჩუნდა სიცოცხლე.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებული კ.მ. დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში. იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის ივლისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ",ა" და მე-3 ნაწილის ",გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით კ.მ-ს მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი ვერდიქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კ.მ-ს სასჯელად განუსაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელი სსკ-ის 88-ე მუხლის თანახმად შემცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის და 6 თვის ვადით.
სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ კ. მ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის და 6 თვის ვადით.