"უსინდისო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია", "მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ცილისმწამებლური განცხადებების ტირაჟირება" სასამართლოს წინააღმდეგ, "მოსამართლეზე ერთგვარი შურისძიება მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო" – ასე აფასებს მოსამართლეთა კორპუსი ბოლო პერიოდის განმავლობაში ცალკეული მოსამართლეებისა და სასამართლოს წინააღმდეგ გავრცელებულ განცხადებებს.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე 35-მდე მოსამართლემ სასამართლოს წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები გააპროტესტა.
მოსამართლეთა პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი გუშინ, ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში მსჯავრდებული პირების – ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის მიერ, საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის მიმართ გამოთქმული ბრალდებები გახდა. კონკრეტულად კი, მოსამართლეს ისინი ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ.
სასამართლო კორპუსი აღნიშნულთან დაკავშირებით, რეაგირებას ითხოვს და აცხადებს – თუ ბრალდება არ დადასტურდება, უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მხრიდანაც განხორციელდა ცრუ დასმენა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში.
ბრალდებები მოსამართლის მიმართ
"კორტების საქმეზე" მსჯავრდებულების ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ საქმის მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა, კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად, ქრთამი აიღო.
ფირცხალავას მეუღლემ ნინო ხვიტიამ და ცააძის დამ ირინა ცააძემ, გუშინ, მედიას პრესკონფერენციაზე აჩვენეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მოსამართლემ, რამდენიმე დღის წინ ორი იპოთეკა წინსწრებით დაფარა.
შეგახსენებთ, "კორტების სპეცოპერაციის" საქმეზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაჩენი 30 ოქტომბერს გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, 5 ბრალდებულიდან განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ორი პირი ცნეს – ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე, რომლებსაც 1- წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ჩვენ გვქონდა ამის ეჭვები და დადასტურდა საბუთებითაც. ამ კაცს აქვს აღებული დიდი ოდენობით თანხა. აქ არის 10 ათას დოლარზე საუბარი. ბადრი კოჭლამაზაშვილს ორი იპოთეკური სესხი ჰქონდა აღებული და გუშინ მოხდა ამ სესხების დაფარვა, წინსწრებით", _ განაცხადა ირინა ცააძემ.
ნინო ხვიტიას განცხადებით კი, განაჩენი ყალბ მტკიცებულებებს ეყრდნობა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
"ეს არის წმინდა პოლიტიკური განაჩენი, დაწყებული იქიდან, რომ, – რაოდენ ირონიის შემცველიც არ უნდა იყოს – ეს განაჩენი შედგება 41 გვერდისგან, დასრულებული იმით, რომ ემყარება სიყალბეს, ცრუ ჩვენებებს, ირიბი მოწმეების მიერ მიცემულ აბსოლუტურ სიცრუეს, უკანონოა, კონსტიტუციას აცდენილია. სტრასბურგში, ალბათ, თუ წაიკითხავენ ამ განაჩენს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მოსამართლეს თავზე დაახევენ", _ განაცხადა ხვიტიამ.
მსჯავრდებულების ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი დარწმუნებულია, რომ დაცვის მხარე მსჯავრდებულთა უდანაშაულობას დაამტკიცებს.
"ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს მკვლელებად მოიხსენიებენ. როგორც ჩანს, მოსამართლე დაჰყვა, დაემორჩილა პოლიტიკურ განცხადებებს და, როგორც ეჭვები არსებობს, სხვა გარემოებებზეც ყოფილა გადაწყვეტილება მინდობილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ყველა ის ცრუ მოწმე ვამხილოთ და ყველა ის მტკიცებულება მოვიპოვოთ, რაც ადასტურებს აი, ამ უკანონო განაჩენის გამოტანას", _ განაცხადა ველიჯანაშვილმა.
აღნიშნული განცხადებების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "საქმის არსებითი განხილვისას, მხარეებს არ ჰქონიათ არცერთი სამართლებრივი შენიშვნა სხდომის თავმჯდომარის მიმართ. მას შემდეგ, რაც საქმეში ჩაერთო ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი (2015 წ. 23 ნოემბერი), ვრცელდება საქმესთან დაკავშირებით ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელი განცხადებები, რაც ემსახურება არასწორი აზრის ჩამოყალიბებას მოსამართლესა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით".
"- უფლებადამცველი, რომელიც საქმეში სულ ორი კვირაა ჩაერთო სამართლებრივი დასაბუთების ნაცვლად, ცილისმწამებლური განცხადებებით შემოიფარგლება.
მოსამართლესთან კომუნიკაციისას დაზუსტდა, რომ მან ბოლო ერთი წლის სასესხო დავალიანება წინსწრებით დაფარა, რომლის ოდენობა ბევრად ნაკლებია მოსამართლის შემოსავლის წლიურ ოდენობაზე. ამასთან, არასწორია ინფორმაცია სხვა სესხის არსებობის თაობაზე. შესაბამისად, პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები მოკლებულია ლოგიკურ შინაარსს და წარმოადგენს მიზანმიმართულ მცდელობას მოახდინოს არამხოლოდ მოსამართლის, არამედ სასამართლო სისტემის იმიჯის შელახვა", _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლო ადვოკატის წინააღმდეგ
სასამართლოს ზემოთ აღნიშნული განცხადებისშემდეგ, მოსამართლეთა კორპუსმა საჭიროდ მიიჩნია, ადვოკატისა და მსჯავრდებულების ოჯახის წევრების მიერ გამოთქმულ ეჭვებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გაეკეთებინათ განმარტებები და გამოძიებისთვის მიემართათ.
როგორც დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერ მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, ცილისმწამებლური განცხადებების ტირაჟირება აქტიურად მიმდინარეობს ცალკეული მოსამართლის და ზოგადად, სასამართლო სისტემის მიმართ.
"ჩვენ, მოსამართლეები ამ დრომდე მივიჩნევდით, რომ მართლმსაჯულებაში ჩვენი როლისა და თმენის ვალდებულებებიდან გამომდინარე, ასევე კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვისა და აზრის თავისუფლების საყოველთაო უფლებიდან გამომდინარე, თავი შეგვეკავებინა, გამოვხმაურებოდით შინაარსსმოკლებულ, ცილისმწამებლურ და ვარაუდებზე დაფუძნებულ ბრალდებებს, რაც პერიოდულად ვრცელდება ტელე–რადიო, ბეჭდური თუ ინტერნეტ–სივრცის მეშვეობით, მით უფრო პროცესის მონაწილე მხარეთა მხრიდან, თუმცა კონსტიტუციითვე დადგენილია სიტყვისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის ზღვარი, როდესაც აღნიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს, ლახავს მათ პატივს და საქმიან რეპუტაციას. აქედან გამომდინარე, მოსამართლეები მივიჩნევთ, რომ საქმე გვაქვს სასამართლო სისტემის მიმართ გახშირებულ ცილისმწამებლურ კამპანიასთან, რაც ყოველგვარ გონივრულ ფარგლებს სცილდება და საზოგადოებაში არასწორი აზრის ჩამოყალიბებას იწვევს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლეები მივიჩნევთ, რომ მსგავს ბრალდებებს აუცილებლად უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი საგამოძიებო ორგანოების მხრიდანაც. მოვითხოვთ, გამოძიების ფარგლებში დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ჩადენას მოსამართლის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ დადასტურდება, უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მხრიდანაც განხორციელდა ცრუ დასმენა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში", _ განაცხადა გიორგი არევაძემ.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ბრალდების გამო თავს შეურაცხმყოფელად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართოს. დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში კი, აღნიშნული პირების დასჯას ითხოვს.
"გადაწყვეტილი მაქვს, მივმართო საგამოძიებო ორგანოს რეაგირებისთვის. არავისთვის გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უსინდისო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით, რომელშიც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებთან ერთად, სამწუხაროდ, ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილიც მონაწილეობდა. მან ნაცვლად იმისა, რომ კარგად შეესწავლა საქმის მასალები და სამართლებრივი გზებით ეზრუნა კლიენტის ინტერესების დასაცავად, ასეთი ბინძური კამპანიის წარმართვა გადაწყვიტა, რაც სხვა არაფერია, თუ არა მოსამართლეზე ერთგვარი შურისძიება მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო", – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა და დასძინა, რომ მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა თავისუფლად შეეძლოთ, თუ მოსამართლის ქონებრივ დეკლარაციას ნახავდნენ.
"დეკლარაციაში მითითებულია ჩემს მიერ აღებული კრედიტის ოდენობა, რომელიც ავიღე 2011 წელს და მას მერე წლების განმავლობაში ვფარავ ყოველთვიურად. ასევე დეკლარაციაში მითითებულია ჩემი ყოველწლიური შემოსავლის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება ჩემს მიერ წინმსწრებად გადახდილი თანხის ოდენობას. არავითარი ორი სესხი მე არ მაქვს. მქონდა ერთი სესხი ორჯერ გამოყენებული იპოთეკით. რაც განპირობებული იყო კრედიტის თავდაპირველად დოლარში აღებით და მოგვიანებით ლარში გადატანით", _ განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა და დასძინა, რომ მსჯავრდებულების ახლობლების განცხადება ქრთამის აღებასთან დაკავშირებით, ლოგიკას არ ექვემდებარება.
"საინტერესოა, ვისგან უნდა მიმეღო ქრთამი გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანაში. ალბათ ან დაზარალებული მხარისგან ან პროკურატურისგან, მაგრამ მათ თავად გამორიცხეს პროკურატურის წვლილი. რაც შეეხება დაზარალებულებს, მე შეგახსენებთ, რომ ჩემს მიერ გამოტანილი განაჩენი მათთვის დარბაზის დატოვების საფუძველი გახდა. მათ მიიჩნიეს, რომ ჩემს მიერ გამოტანილი განაჩენი მსჯავრდებულებთან მიმართებაში ჰუმანური იყო", _ განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.
მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა ასევე განმარტება გააკეთა თავისი ძმის, პროკურატურაში მუშაობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულების ახლობლებს არასწორი ინფორმაცია აქვთ თანამდებობასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მისი ძმა პროკურატურის სისტემაში 15 წლის განმავლობაში მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში არცერთი სამართლებრივი შენიშვნა ამ მიმართულებით მხარეებს არ ჰქონიათ.
მოგვიანებით, მოსამართლეთა კორპუსის განცხადებისა და ბადრი კოჭლამაზაშვილის მიერ გამოძიების მოთხოვნის შემდეგ, ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განმარტა, რომ გუშინ გამოთქმული ბრალდება "გონივრული და დასაბუთებულია".
"ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში აღნიშნულ განცხადებას პასუხი გავცეთ. გამოთქმულ იქნა ეჭვი, რომელიც სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული და დასაბუთებულია. დაცვის მხარე არ ვართ ორგანო, რომ ვინმეს ბრალი წავუყენოთ; ამისთვის არსებობს სპეციალური ორგანოები, თუ ეს ეჭვი დადასტურდება, აღნიშნულს მოყვება სამართლებრივი შეფასება. თუ არ დადასტურდება, ამასაც თავისი შეფასება ექნება. განაჩენმა წააქეზა სწორედ ეს ხალხი ეჭვი გამოეთქვათ, ვინაიდან განაჩენში წერია აფსურდები და უკანონო გარემოებები. განაჩენში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს", _ აცხადებს ველიჯანაშვილი.
რა შედეგს დადებს პროკურატურა ან დაიწყება თუ არა საქმეზე გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.