პოპულარულ მომღერალ ჯენიფერ ლოპესს ყოფილი მძღოლი შრომითი კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს და მსახიობსა და მის მენეჯერს ბენი მედინს თაღლითობის ბრალდებით სასამართლოში უჩივის.
როგორც ლოპესის ყოფილი მძღოლი ჰაკობი აცხადებს, მან თანამშრომლობა ლოპესსა და მის მეუღლესთან 2008 წელს დაიწყო და 2012 წლამდე ვარსკვლავის პირად დაცვად და მძღოლად ერთდროულად მუშაობდა. მისი შრომის ანაზღაურება კონტრაქტის მიხედვით წელიწადში 200 000 დოლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ჰაკობს უფულობის გამო საკუთარი ავტომანქანის გაყიდვაც კი მოუწია.
მძღოლს პირველი უთანხმოება ჯენიფერის მენეჯერთან მოუვიდა. ეს ფაქტი რამდენიმე წლის წინ დაფიქსირდა მომღერლის უკრაინაში გასტროლების დროს, როდესაც მძღოლმა მენეჯერს მიუთითა, რომ კერძო თვითმფრინავში, რომლითაც ვარსკვლავი მგზავრობდა ზედმეტად დიდ თანხას იხდიდნენ.
ამ შელაპარაკების შემდეგ, მენეჯერი ცდილობდა მძღოლი თავიდან მოეშორებინა და ჯენიფერი მის წინააღმდეგ განეწყო. შესაბამისად, მისი მორიგეობა ნელ-ნელა მაქსიმალურად შემცირდა და ბოლოს, ჯენიფერის ლოს–ანჯელესში გამგზავრების შემდეგ, სამსახური საერთოდ დაკარგა.
„ის ხშირად უმეორებდა ჯენიფერს, რომ მე ცუდად გამოვიყურებოდი, ასევე ცუდად ვსაუბრობდი ინგლისურად, რაც მათთვის შეუფერებელი იყო“,-ამბობს ჰაკობი და სასამართლოში, როგორც მატერიალური, ასევე მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
მომღერალი და მისი მენეჯერი, მომხდარზე კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.