გუშინ, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის, სოფელ ნატანებში მომხდარ დაპირისპირებაზე საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ინფორმაციისთვის, გუშინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების ე.წ. "ლეკურას", "დონაურის", "ჯაფარაულის" მოსახლეობამ ზემო ნატანების ცენტრში საპროტესტო აქცია გამართა.
მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას შიდა გზების მოწესრიგებასა და შეკეთებას თხოვს. სოფელში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები, რომელსაც კომპანია "ესთეი" ჯგუფი ატარებს. აქ მცხოვრებლების თქმით, კომპანია აღნიშნულ სამუშაოებს არაკეთილსინდისიერად აწარმოებს.
აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მონაწილეებმა კომპანია "ესთეის" ჯგუფის წარმომადგენლი დავით სიდამონიძე სცემეს. უფრო მეტიც, დაპირისპირებულ მხარეებს, გაშველების დროს გამგებლის წარმომადგენელი ილია თავაძეც "შემოელახათ."
ინციდენტის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხოფასაც აყენებდნენ.