ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრები – გიორგი ცააძის და, ირინა ცააძე და ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია, ქალაქის პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.
ირინა ცააძისა და ნინო ხვიტიას დაკითხვა ქალაქის პროკურატურაში 15:00 საათზე დაიწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკითხვაზე დაბარებულები ქალაქის პროკურატურასთან საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
მათი დაბარება სავარაუდოდ რამდენიმე დღის წინ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.
ირინა ცააძემ და ნინო ხვიტიამ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ეჭვი გამოთქვეს, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამამტყუნებელი განაჩენის სანაცვლოდ, ქრთამის სახით თანხა აიღო.
"უსინდისო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ინფორმაცია", "მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ცილისმწამებლური განცხადებების ტირაჟირება" სასამართლოს წინააღმდეგ, "მოსამართლეზე ერთგვარი შურისძიება მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო" – ასე შეაფასა მოსამართლეთა კორპუსმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ცალკეული მოსამართლეებისა და სასამართლოს წინააღმდეგ გავრცელებულ განცხადებებს.
კონკრეტულად კი, ცააძისა და ფირცხალავას ოჯახის წევების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ საქმის მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართა და აღნიშნა, რომ თუ საქმეში დანაშაულის ნიშნები აღმოჩნდება ეს პირები უნდა დაისაჯონ.
ამავე თემაზე:
მოსამართლეზე შურისძიება თუ გონივრული ეჭვი – სასამართლო კორპუსი შეურაცხყოფილია