დედაქალაქის მერიამ სამზადისი დაასრულა და დღეს, 17 საათსა და 38 წუთზე თბილისი საახალწლოდ განათდება.
ამის შესახებ მერია განცხადებას ავრცელებს.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს ცენტრალური ქუჩები – რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა სრულად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით მოირთო.
უკვე არსებული ილუმინაციები კი, რომელთა აღდგენაც მოხდა, ქალაქის სხვადასხვა უბნებში გადანაწილდა.
მერიის ინფორმაციით, 2016 წელს დედაქალაქი ახალი ნაძვის ხით ხვდება.
22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით უკვე მორთულია, თუმცა ის საზეიმოდ 19 დეკემბერს აინთება.
შეგახსენებთ, რომ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების, ახალი ნაძვისხისა და მისი მორთულობის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ჯამში, თბილისის მოსართავად 957 563 ლარი დაიხარჯა.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საახალწლო ილუმინაციების ტენდერში კომპანია – შპს “ნუკო+“-მა გაიმარჯვა და ღირებულება 748 000 ლარით განისაზღვრა. საახალწლო ნაძვის ხის ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯეო სტრიმი“ გახდა და ღირებულებამ 175 573 ლარი შეადგინა, ხოლო თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის განათებისა და მორთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „გმმ ჯგუფის“ მომსახურება 33 990 ლარის ოდენობით განისაზღვრა.