ნაქურდალი და ნაძარცვი ათი მილიონი ევრო, რომელიც შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
ბერძენი სამართალდამცველების თქმით, ეს ის თანხაა, რომელიც ათენის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ უმდიდრეს ვილაში მცხოვრებ ქართული მაფიის ლიდერის აქტიური საქმიანობით არის მოპოვებული.
ქართული მაფიის წევრი, რომლის ვინაობას ჯერჯერობით ბერძნული მედია არ ასახელებს, ეტლით გადაადგილდება, მაგრამ იგი ძალინ გავლენიანი პირია და რუსეთსა და გერმანიაში სხვადასხვა დაჯგუფებებს აკონტორლებს. იგი ხშირად გამოდის კრიმინალებს შორის მედიატორად.
ბერძენი სამართალდამცველები, რომლებმაც ამ კრიმინალური ავტორიტეტის ბანდის წევრები ორი დღის წინ სპეცოპერაციის დროს დააკავეს, აცხადებენ, რომ დაჯგუფებაში დაახლოებით 25 ადამიანია გაწევრიანებული და მათი უდიდესი ნაწილი ქართველები არიან. ამ ბანდის მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს შორის ერთი-ორი ცნობილი ბერძენი პოლიტიკოსიც ფიგურირებს.
ბერძნული მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ფული და ძვირფასეულობაც ამოიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფების შესახებ პოლიცია უკვე კარგად არის ინფორმირებული, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი საქმიაობის დაწვრილებით შესწავლა. თუმცა, უკვე აცხადებენ, რომ დაჯგუფებამ დღეისათვის 142 ძარცვისა და ქურდობის ფაქტი განახორციელლა.