პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის დავით სანაკოევის განცხადებას პროვოკაციულად აფასებს.
შეგახსენებთ, რომ სანაკოევის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების მობილიზაცია ხდება.
ეს განცხადება ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წლის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სანაკოევმა გააკეთა.
მისივე თქმით, ყოველივე ეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზას, იქ მყოფ მესაზღვრეებს საფრთხეს უქმნის.
სანაკოევის მტკიცებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გააქტიურებას და თავდასხმებს ახალი წლის დღეებში გეგმავენ, მათი სამიზნე კი რუსეთის მესაზღვრეები, საქართველოს სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები არიან.
სესიაშვილი ვარაუდობს, რომ ამ ტიპის განცხადებების მიზანია ერგნეთის მოლაპარაკებები ჩაიშალოს, ან დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა არ მოხდეს.
"ეს არის აბსოლუტურად პროვოკაციული განცხადება. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის დე-ფაქტო ხელისუფლებებმა, რომ დღეს საქართველოში არ არის ის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ტერორიზმით არის დაკავებული. ეს არის აბსოლუტურად შორს რეალობისგან. ამიტომ, მათი ეს განცხადება შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც მხოლოდ პროვოკაციული, მიზანმიმართული იმისკენ, რომ ერგნეთის მოლაპარაკებები ჩაიშალოს, ან არ დადგეს ძირითადი საკითხები, რაც მოსახლეობას და სახელმწიფოს აწუხებს", _განაცხადა სესიაშვილმა.