BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტარებმა პრემიერ-მინისტრ დავიდ კამერონს მოუწოდეს, გამოიყენოს თავისი გავლენა და გაეროსთან მიაღწიოს შეთანხმებას, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ უმცირესობათა ჯგუფების მკვლელობები გენოციდად აღიარონ.
როგორც ცნობილია, "ისლამური სახელმწიფო" სისტემატიურად კლავს უმცირესობათა ჯგუფებს, მათ შორის ერაყელ და სირიელ ქრისტიანებსა და ეზიდებს.
მაუწყებლის ცნობით, წერილს, რომელიც დეპუტატმა რობ ფლელომ და ლორდმა ელტონმა დაწერეს, დიდი ბრიტანეთის სამოცმა პარლამენტარმა ხელი მოაწერა.
წერილის ავტორების თქმით, თუკი "ისლამური სახელმწიფოს" მიერ უმცირესობის ჯგუფების მკვლელობები გენოციდად შეირაცხება, ეს იქნება გზავნილი დამნაშავე ორგანიზაციებისთვის, რომ ისინი დაისჯებიან.



































































