ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების შედეგად 2015 წლის ნოემბერ დეკემბერში გამოიკვეთა მოსახლეობის იმ რაოდენობის ზრდა, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ასეთი რესპოდენტების რიცხვი გამოკითხულთა 69 პროცენტს შეადგენს. კითხვა ფორმულირებული იყო შემდეგი სახით, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატოს წევრი? გამოკითხულთა 69 პროცენტს კითხვაზე დადებითი პასუხი აქვს, 21 პროცენტისთვის კი მიუღებელია ნატოს წევრობა.
ამავე თემასთან დაკავშირებით NDI-ის მკვლევარებმა ინტერვიუერებს დაუსვეს მეორე კითხვაც: რატომ არის მისაღები საქართველოს მცდელობა, გახდეს ნატოს წევრი?
გამოკითხულთა 57 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს ქვეყანას უსაფრთხოებას მოუტანს. 49 პროცენტის აზრით, ნატოში გაწევრიანების შედეგად გაუმჯობესდება ეკონომიური მდგომარეობა. 20 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს ხელს შეუწყობს სხვა წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას. მხოლოდ 16 პროცენტი მიიჩნევს, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება.



































































