საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ყველაზე დიდი ტალახი მას მოხვდა.
როგორც მურუსიძემ მოსამართლეებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოცემულ შემთხვევაში სხვა სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო, ვინაიდან სასამართლოს არ აქვს უფლება, საქმე დამატებით გამოძიებაში დააბრუნოს, თუ მიიჩნევს რომ ის პროკურატურის მიერ ცუდად არის გამოძიებული.
"ჩვენც ადამიანები ვართ, ოჯახები გვყავს, გული შეგვტკივა კონკრეტულად ყველა საქმეზე და ყველა თემაზე, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, დავემორჩილოთ კანონს. შესაბამისად, სასამართლო მოქმედებდა იმ კანონებით, რომელიც მიღებული იყო და არ შეეძლო, მოცემულ შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მინდა მივმართო საზოგადოებას, შვილმკვდარ მამას – ერთადერთი რასაც ისინი ითხოვდნენ, იყო მოსამართლეს გაეხადა მოსამართლის მანტია და პროკურორის უფლებამოსილებით აღჭურვილიყო და გარდა შემსრულებლებისა, პასუხისგებაში მიეცა სხვა პირები, ვინც იყვნენ ამ დანაშაულის ორგანიზატორები. სამართლებრივად, მითხარით რა დავაშავე, რა დააშავა უზენაესმა სასამართლომ? რა გადაწყვეტილება შეიძლებოდა მიეღო და არ მიიღო? ერთადერთი ჩემი წუხილი არის ის, რომ ის აჟიოტაჟი, რომელსაც მე პიროვნულად განვიცდი. ამ ოჯახის ტრაგედიასაც განვიცდი. ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით მე მომხვდა. მაგრამ მინდა გაიგოთ, რომ ეს იყო კანონები, რომელიც თავსმოხვეული იყო სასამართლოზე. უნდა დავილაპარაკოთ, რომ მომავალშიც არ განმეორდეს იგივე. ის კანონები, რომლებიც მოქმედებდა მაშინ, მოქმედებს დღესაც, ამიტომ ყველა ერთად უნდა დავირაზმოთ, მოხდეს ხელისუფლებასთან დიალოგი და შევცვალოთ კანონები, რომლებიც არ მოგვწონდა 10 წლის წინ. ისინი მოქმედებს დღესაც. მოსამართლეებს ხელ-ფეხი უნდა გაეხსნათ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება არამარტო კანონიერი, არამედ საზოგადოებისთვის სამართლიანიც", _ განაცხადა მურუსიძემ.
მოსამართლეების თქმით, დღეს მოსამართლეს სისხლის სამართლის პროცესში კითხვის დასმის უფლებაც კი არ აქვს.
კითხვაზე, აქამდე რატომ არ აპროტესტებდა ლევან მურუსიძე აღნიშნულ კანონებს, რომლებიც მოსამართლეების უფლებებს ზღუდავს, იუსტიციის საბჭოს მდივანი განმარტავს, რომ თქმით, გაპროტესტება დაიწყო მას შემდეგ, რაც ის ამ თანამდებობაზე აირჩიეს. თუმცა, მურუსიძის თქმითვე, მოსამართლეებს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ აქვთ. ამიტომ ისინი სთხოვენ პოლიტიკოსებს, მოისმინონ, რა პრობლემები აქვთ მოსამართლეებს და შეცვალონ ის კანონები, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში აბრკოლებს.


































































