პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში უფლებამოსილება მინისტრებსაც შეუწყდებათ. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა, მთავრობის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.
ასევე, კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტსაც შვიდღიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად.
მთავრობისათვის პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ საპარლამენტო უმრავლესობამ ახალ პრემიერსა და მის გუნდს ნდობა სამჯერ ვერ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია პარლამენტი დაითხოვოს და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.
კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი განმარტავს, რომ ყველაზე დიდი ფრქცია ან საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ასახელებს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, წარუდგენს პრეზიდენტს.
"პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარადგენს ამ კანდიდატს, რომელიც შემდგომ 7 დღის განმავლობაში ასახელებს მთავობის შემადგენლობასა და პროგრამას. ამის შემდეგ კი, დგება მათთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტში.
თუმცა, შესაძლებელია მეორე სცენარიც, როდესაც არსებულ საპარლამენტო უმრავლესობას სურს გავიდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია ორჯერ ზედიზედ ჩააგდოს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და არ მისცეს შესაძლებლობა მესამე მცდელობაზე სხვა საპარლამენტო ჯუფებს, რომ მათ ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადონ. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი ვალდებული იქნება დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები", _ ამბობს ზედელაშვილი.
ახალი პრემიერ-მინისტრისთვის და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურებს სულ 21 დღე სჭირდება.


































































