THE INDEPENDENT-ის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 23 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ღარიბაშვილი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეა, რომლის პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი დაამარცხა.
მისივე ინფორმაციით, ღარიბაშვილი ყოფილი საბჭოთა ერის პრემიერ-მინისტრი 2013 წლის ნოემბრიდან იყო.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას REUTER-იც ეხმაურება.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე პოსტი მოულოდნელად დატოვა და წასვლის მიზეზი სატელევიზიო მიმართვაშიც არ ახსნა.
REUTER-ის ცნობით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ღარიბაშვილის გადადგომას არჩევნების წინ მმართველი კოალიციის "ქართული ოცნების" პოპულარობის შემცირებას უკავშირებენ.



































































