დღეს საინფორმაციო სააგენტო „EIN”-მა, „ISIS“-ის სამხედრო მეთაურის თარხან ბათირაშვილის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
„ერაყის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა „ISIS“-ის სამხედრო მეთაურის თარხან ბათირაშვილის იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის დაკავება მოახერხეს. ომარ ალ-შიშანი თავის ორ მთავარ თანაშემწესთან ერთად, ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ორშაბათს დააკავეს.
ალ-შიშანი და მისი მაღალჩინოსანი თანაშემწეების დაკავება, დღეს ღამით ქალაქ კირკუკში მოხდა.
ზოგიერთი არაბული მედია საშუალება იუწყება, რომ ალ-შიშანის დაკავება ერაყელებისა და ამერიკული სპეც-რაზმის ერთობლივი ოპერაციის დროს განხორციელდა, თუმცა პენტაგონი ამ ინფორმაციას უარყოფს.
ალ-შიშანის დაკავება ჯერჯერობით არცერთ ერაყელ ჩინოვნიკს არ დაუდასტურებია.
აბუ ომარ ალ-შიშანის ფსევდონიმით ცნობილი თარხან თეიმურაზის ძე ბათირაშვილი, ქართველ ტერორისტი და სირიაში „ISIS“-ის სამხედრო მეთაურია. ის ქართული არმიის ყოფილი სერჟანტია.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი ბათირაშვილი ქართული შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შემდეგ ჯიჰადისტი გახდა და სირიის ომში ისლამისტ აჯანყებულთა დაჯგუფებებში სხვადასხვა სამეთაურო პოზიციას იკავებდა. ბათირაშვილი თავდაპირველად დაჯგუფება „ქათაიბ ალ-მუჰაჯირინის“ ლიდერი იყო, რომელიც შემდგომ „ჯეიშ-ალ-მუჰაჯირინ ვალ-ანსარის“ სახელით იყო ცნობილი.
2013 წლის მაისში, ბათირაშვილი „ISIS“-ის ჩრდილოეთის მიმართულების სამხედრო მეთაურად დაინიშნა. მის ფუნქციებში ჩრდილოეთ სირიაში; ალეპოს, ერ-რაკას, ლატაკიას და იდლიბის ჩრდილოური პროვინციების ტერიტორიებზე „ISIS“-ის სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელობა შედიოდა. 2013 წლის ბოლოდან, ის ჩრდილოეთ სირიის ემირი ხდება და მისი დისლოკაცია ძირითადად ალეპოს ოლქის ტერიტორიაზე იყო. ამის გარდა ბათირაშვილი ჩეჩენი და სხვა კავკასიელი მებრძოლების ხელმძღვანელობასაც ითავსებდა“ – იუწყება სააგენტო „EIN”-ი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved