საპარლამენტო უმცირესობამ საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამისა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილა.
სხდომის დასაწყისში, უმცირესობის წევრებმა პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის საპროგრამო მიმართვა მოისმინეს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომავალი პერიოდის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტის „ძირითადი ქვაკუთხედი“ ეკონომიკურ განვითარებაში გარღვევის მიღწევა იქნება, რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც ქვეყანას უფრო სწრაფი განვითარების საშუალებას მისცემს.
მისივე თქმით, შესაბამისად, მოხდება სოციალური ვალდებულებების უფრო ქმედითი აღსრულება, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და განათლების სფეროსთვის უფრო ეფექტიანი ფინანსური საფუძვლების შექმნა.
როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, კაბინეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მეწარმეობის განვითარებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება, რაც არსებულ პროექტებზე ახალი კომპონენტების დამატებას გულისხმობს. მისივე თქმით, ახალი კომპონენტები უპირველეს ყოვლისა მიმართული იქნება დამწყები ბიზნესმენებითვის ეფექტიანი დაფინანსების მექანიზმების შექმნისკენ.
ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, კობა სუბელიანმა გიორგი კვირიკაშვილს საქმისადმი დამოკიდებულება დაუწუნა. პრემიერმინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობა „უბედურებაა“ და სპეკულაციებისგან ყველას თავის შეკავებისკენ მოუწოდა.