"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საქასრთველოს მთავრობის მოლაპარაკებები "გაზპრომთან" გარკვეულ ეჭვებს იწვევს.
"თავისუფალი დემოკრატები" შეშფოთებული ვართ ხელისუფლების მხრიდან გაზის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში საზოგადოებაში ჯერ ინფორმაციის დაფარვის, შემდეგ კი ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტების მიწოდების გამო. ეს ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებების წარმოება ემსახურება არა სახელმწიფო, არამედ კერძო ინტერესების განხორციელებას და შესაძლოა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს.
ეს მოლაპარაკებები განსაკუთრებით სახიფათოდ გვეჩვენება აზერბაიჯანული მხარის განცხადებების ფონზე, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანს არ აქვს არავითარი პრობლემა გაზის რაოდენობასთან დაკავშირებით და მას შეუძლია საქართველოსთვის ბუნებრივი აირის შეუფერხებლად მიწოდება კონკრეტულად, შაჰდენიზის ერთი პროექტის ფარგლებში.
ეს არის მონაპოვარი, რომელიც დაიწყო საქართველოს, აზერბაიჯანის და დასავლელი პარტნიორების სტრატეგიული შეთანხმებით და გრძელდება უკვე თითქმის 20 წელია და მოვითხოვთ, მიემართოს მაქსიმალური ძალისხმევა აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების გზით საქართველოს სტაბილური და პოლიტიკურად უსაფრთხო გაზის მომარაგების უზრუნველსაყოფად. გახსოვდეთ, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, გაზპრომი კი ოკუპანტის ინსტრუმენტი", – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.