დღეს, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ინდოელ ინვესტორს, შპს "მანსაროვარი"-ს დამფუძნებელს არვინდ შარმას შეხვდა. შეხვედრა გუბერნატორის ინიციატივით გაიმართა, რომლის აუცილებლობასაც გუბერნიაში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შემოტანილი საჩივრები წარმოადგენდა.
განცხადებებში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შეწუხებულია გაურკვეველი წარმოშობის სუნით და ბევრ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემაც შეექმნა.
როგორც ადგილობრივები ამტკიცებენ, სუნი გამოწვეულია ქალაქ ოზურგეთში თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ტყვიის კუსტარული გადამუშავებით და იგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შპს "ჯეო გადამამუშავებელ" საწარმოს (იჯარით აქვს შპს "მანსაროვარი"-სგან გარკვეული ტერიტორია აღებული) და განმეორებით გეგმავს გარემოს დაცვის სამინისტროში ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის შესახებ განახლებული პროექტი წარადგინოს. მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ; შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოსახლეობას სრულ ინფორმაციას მიაწვდის. აღნიშნულ ჯგუფში ოზურგეთის მაჟორიტარი ბიუროს, გუბერნიის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და კომპანიის წარმომადგენლები და ასევე, სხვა დაინტერესებული პირები შედიან.
"ჩემი ინტერესი გურიის რეგიონში ნებისმიერი ინვესტორის შემოსვლა გახლავთ, მაგრამ ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იქნას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი. ჩვენთან შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი კომპანიის მიერ შემუშავებულ პროექტს განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ კომპანიის წარმომადგენლების რაიმე სახით შეზღუდვას. კიდევ ერთხელ ვუდასტურებ ინვესტორის ჩემს პატივისცემას და კანონის ფარგლებში, ნებისმიერი სახის საქმიანობას მივესალმები, რაც ჩვენი რეგიონისა და მოსახლეობისთვის იქნება მისაღები", _ განაცხადა გია სალუქვაძემ.
სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძე და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელი გრიგოლ ხურციძე დაესწრნენ. შეხვედრის დასასრულს, გუბერნატორის გადაწყვეტილებით, სამხარეო ადმინისტრაციის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და კომპანიის წარმომადგენლებმა შპს "მანსაროვარი"-ს კუთვნილი ტერიტორია ადგილზე დაათვალიერეს. ამ ეტაპზე ხორციელდება ერთ-ერთი კორპუსის დემონტაჟი, ხოლო სხვა საწარმოს საქმიანობა ამჟამად არ მიმდინარეობს.