ესპანელი პედრო აგრამუნტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ბრასორის ცვლის. აღნიშნული ინფორმაცია PACE-ს გვერდზე ვრცელდება.
როგორც ცნობილია, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ინაუგურაციისას საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეებზე ისაუბრა.
"თუ გვსურს ტერორიზმის დამარცხება, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ და ვაღიაროთ მუსულმანური თემი, როგორც ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირე,"_ განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე ყურადღება ლტოლვილთა კრიზისზე, უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და ევროპის რეგიონებში არსებულ კონფლიქტებზე გაამახვილა.
"დნეპრისპირეთში, მოლდოვას რესპუბლიკაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართველოში, მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანში გაყინული კონფლიქტებით გამოწვეული საფრთხე ისევ არსებობს,"_განაცხადა პედრო აგრამუნტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ერთობაზე ზეგავლენას ნაციონალიზმის ზრდა და დემოკრატიული პრინციპების ეროზია ახდენს.
"ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს, რადგან ევროპა დაკარგულია თუ ის დაყოფილი დარჩება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დემოკრატიის მებრძოლები ვართ და არც მისი სამართლებრივი საფუძვლები უნდა დავივიწყოთ," _ განაცხადა აგრამუნტმა.





























































