ტელეკომპანია "პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის საზეიმო საღამოზე თეატრის მთავარ ლოჟას ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის მოქმედი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დაიკავებენ.
რაც შეეხება პრეზიდენტს, მას კულტურის სამინიტრომ ბენუარის ლოჟა შესთავაზა.
კულტურისა და ძეგლტა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ამბობს, რომ საკითხის ირგვლივ "არაჯანსაღი აჟიოტაჟი შეიქმნა, რითაც ამ დიდი დღესასწაულის დაკნინება სურთ.”
_ მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, გენერალურ სპონსორს საპატიო ადგილები ეთმობა. საპრეზიდენტო ლოჟა არ არსებობს. არსებობს ყველაზე საპატიო ცენტრალური ლოჟა, რომელსაც სამეფო ლოჟას ეძახიან.
ის ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ “ქართუს” წარმომადგენლობას შევთავაზეთ, რადგან სამუშაოები მთლიანად “ქართუს” ფინანსური უზრუნველყოფით მიმდინარეობდა.
თუმცა, ბატონი ივანიშვილის თხოვნით, ეს ადგილები საოპერო ხელოვნების ყველაზე ღვაწლმოსილ ადამიანებს ეთმობათ, რითაც ყველაფერი ნათქვამია.
მისი უწმინდესობა, პრემიერმინისტრი და მთავრობის წევრები პარტერში განთავსდებიან. ვწუხვარ, რომ არაჯანსაღი აჟიოტაჟი შეიქმნა, რითაც ამ დიდი დღესასწაულის დაკნინება სურთ, _ განაცხადა გიორგაძემ გადაცემაში 2030-ში სტუმრობისას.
მისივე თქმით კულტურის სამინისტრო, თეატრის ხელმძღვანელობასთან ერთად, მოსაწვევების განაწილების პროცესში აქტიურად იყო ჩართული.
_ ყველაზე დიდი აქცენტი თეატრის თანამშრომლებზე და იმ ადამიანებზე გაკეთდა, რომელთა ცხოვრება და პროფესიული საქმიანობაც თეატრთანაა დაკავშირებული.
დარბაზის 80 % ამ პრინციპით ივსება. მოწვეულნი არიან ადამიანები, რომლებიც 6 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და თეატრს მეორე სიცოცხლე აჩუქეს. ასევე – დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი პარტნიორები, რომლებთანაც თეატრი თანამშრომლობას აპირებს, _ აღნიშნა გიორგაძემ.