პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე: _ თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას მობილური, თანამედროვე საბრძოლო სისტემებით აღჭურვილი, მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი არმიის ჩამოყალიბება წარმოადგენს, რომელიც მიუხედავად ფინანსური და სხვა რესურსების შეზღუდულობისა, თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიებისა და ბრძოლის წარმოების ახალი კონცეფციების გამოყენებით, დამოუკიდებლად, ხანგრძლივი დროით შეძლებს ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფას. პრობლემა ასე დგას: ძვირად ღირებული, არაეფექტიანი და მოუქნელი შეიარაღებული ძალები მართვად, ბრძოლისუნარიან და განვითარებად ინსტიტუციად ვაქციოთ.
გარდა დასახული კონკრეტული მიზნებისა, აუცილებელია შეიარაღებული ძალებისადმი მოსახლეობის ნდობის კიდევ უფრო გაზრდა. თითოეული მოქალაქე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემას შეუძლია ქვეყნის დაცვა სამხედრო აგრესიისგან, რომ მცირე თუ მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის დროს ქვეყნის სამხედრო კომპონენტი, როგორც ძალა, იმოქმედებს სწრაფად, ეფექტიანად და დასახულ მიზნებსა და წარმატებას უმოკლეს დროში მიაღწევს.
მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა, ვიცოდეთ, რომ ჩვენს ქვეყანას ჩვენ მაგივრად არავინ დაიცავს და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა იარაღით ხელში ამ ქვეყნის მოქალაქეების ტვირთია. ამიტომ თავდაცვის სისტემა, საბრძოლო შესაძლებლობების არსებობასა და განვითარებასთან ერთად უნდა გულისხმობდეს ამ შესაძლებლობების გამოყენების გონივრული პრინციპების შემუშავებასაც. ეს კი, გულისხმობს, რომ შეიარაღებული ძალების, თავდაცვის სისტემის გარდაქმნა უნდა ხდებოდეს მაქსიმალური ღიაობის პრინციპით. საკითხები, რომლებიც საზოგადოებრივ კონსენსუსს მოითხოვს, გამოტანილი უნდა იქნას საზოგადოების სამსჯავროზე. მაგალითად, პრინციპული საკითხი _ "დაქირავებული ჯარი" თუ "მოქალაქე უნიფორმაში, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურის არსებობას გულისხმობს, სახალხო ლაშქარი"_ ნებაყოფლობითი თუ სავალდებულო რეზერვით? ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ზოგადად და დაინტერესებულ მოქალაქეებს კონკრეტულად ჰქონდეთ წარმოდგენა ქვეყნის საბრძოლო შესაძლებლობებზე, მაგალითად ის, რომ შეიარაღებული ძალები აღიჭურვება თანამედროვე ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, არ უნდა დარჩეს მხოლოდ სტანდარტული რეპორტაჟების ამარა, საჭიროა თითოეული მოქალაქეს ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია და მსჯელობდეს "დამცავი ქოლგის" შესაძლებლობასა და ამ "ქოლგის" დახმარებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე.
ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობის პერიოდში საქართველომ სერიოზული დახმარება მიიღო. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ის, რომ დღეს ქართველ ოფიცრებს განათლების მიღება პარტნიორი ქვეყნების სამხედრო სასწავლებლებში შეუძლიათ. სწორედ, ამ დახმარების ფარგლებში მოვახერხეთ, რომ უმოკლეს დროში, მაღალი სტანდარტების სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიქმნა (სამხედრო აკადემია, ან სერჟანტთა სკოლა). ეს მოწმობს რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ქართული შეიარაღებული ძალების არსებობა რეგიონში, ძალთა ბალანსისა და შესაბამისად სამხედრო კონფლიქტების პრევენციის კონტექსტში. ამ თემას მეტად თუ ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო მისიებში საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას (კოსოვო, ერაყი, ავღანეთი, ცენტრალური აფრიკა) და მიღებულ შექებებს, შეეძლო გაეჩინა ცდუნება, რომ საქართველო წასულიყო იოლი გზით, შეექმნა მცირერიცხოვანი საექსპედიციო არმია, ხოლო ქვეყნის უსაფრთხოება მთლიანად საგარეო მხარდაჭერისთვის მიენდო. ანუ შეგვექმნა მცირერიცხოვანი "პროფესიული არმია" (დაქირავებული ჯარი) მცირე სამხედრო ბიუჯეტით, რომელიც მთლიანად წარმატებულ საგარეო მისიებზე იქნებოდა ორიენტირებული, სანაცვლოდ კი მიგვეღო ნატოს ქვეყნების გარანტიები, რომ სამხედრო საფრთხის ზრდის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდებოდა მოკავშირეთა სამხედრო კონტინგენტები. ამ შემთხვევაში, საქართველოს აღარ დასჭირდებოდა მნიშვნელოვანი სამხედრო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ძვირად ღირებული და ურთულესი სამხედრო-საგანმანათლებლო სისტემის შექმნა. საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ასეული ოფიცრის ყოველწლიური სასწავლო მივლინება პარტნიორ ქვეყნებში, ხოლო ადგილზე რამდენიმე ბაზისა და საწვრთნელი ცენტრის განთავსება, იმისთვის, რომ "საექსპედიციო კორპუსი" მუდმივად მზად ყოფილიყო საგარეო მისიებისთვის. მაგრამ ეს იქნებოდა თავის მოტყუება, მცდარი, ჩიხური გზა, რამდენიმე მიზეზის გამო:
ერთი, რომ დროთა განმავლობაში ასეთი ტიპის არმია გადაიქცეოდა კორპორაციად, რომლისთვისაც სამხედრო კონფლიქტები შემოსავლის წყაროა და არა ქვეყნის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე სამსახური.
მეორეც, არ არსებობს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, რომლისთვისაც მისაღებია პარტნიორი, რომელიც ვერ იცავს თავის ტერიტორიას, რომელიც სამხედრო კონფლიქტების დროს მხოლოდ სამოქმედო გეოგრაფიული რაიონია და ვერაფრით აძლიერებს კოლექტიურ სამხედრო შესაძლებლობებს.
ამიტომაც, დღის წესრიგში დგას საქართველოს თავდაცვის სისტემის განვითარება და შეიარაღებული ძალების სრული ტრანსფორმაცია, რომლის მიზანიც თვისობრივად ახალი ტიპის თანამედროვე არმიის შექმნაა.
თავდაცვის სამინისტრომ უნდა გააგრძელოს სისტემური ცვლილებები შეიარაღებულ ძალებში, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სამანევრო ქვედანაყოფების შესაძლებლობების ზრდა, საბრძოლო მხარდაჭერის ეფექტიანობა, სრულყოფილი საბრძოლო ლოგისტიკა, ოპტიმალური მართვის ვერტიკალი, ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა, ჯარისკაცის წვრთნისა და საბრძოლო მომზადების შედეგზე ორიენტირებული სისტემა, დასვენებისა და ძალების აღდგენის ღირსეული პირობები და შესაძლებლობები და ა.შ.
თითოეული სათაურის ქვეშ ღონისძიებათა მთელი სპექტრი იგულისხმება, რაც დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ შუალედური მიზნების მიღწევა, საზოგადოებასთან გულწრფელი და მჭიდრო კომუნიკაცია, პიარეშმაკობების გარეშეც გამოიწვევს მოქალაქეების ნდობისა და მხარდაჭერის ზრდას.
არსებითად ახალი ტიპის არმიის შესაქმნელად ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიები და საბრძოლო სისტემები. საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო მიიღებს თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უნდა მოახერხოს და დაარწმუნოს დასავლელი პარტნიორები, რომ ასეთივე გარღვევა მოხდეს სხვა მიმართულებებითაც. ამ ეტაპზე, უნდა მოვახერხოთ და პარტნიორების დახმარებით მივიღოთ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, ჰაერსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო კომპლექსები, საარტილერიო ცეცხლის მართვის საშუალებები და სხვა გამოკვეთილად თავდაცვითი შეიარაღება.
რომ შევაჯამოთ: ქვეყნის დაცვა თითოეული მოქალაქის საქმეა. შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეძლოს ქვეყნის დაცვა. ამისთვის საჭიროა ახალი ტიპის, თანამედროვე არმიის შექმნა. ამიტომ საჭიროა არსებული შეიარაღებული ძალების სრული ტრანსფორმაცია. რეფორმების პროცესში მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა.
თანმიმდევრული და გეგმაზომიერი სისტემური ცვლილებები, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვასთან ერთად საშუალებას მოგვცემს, რამდენჯერმე გავზარდოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები, ისე, რომ არ გავზარდოთ რიცხოვნობა. ძლიერი სამხედრო კომპონენტის არსებობა კი, თავად არის ომის პრევენციის ძირითადი ფაქტორი.
(R)