"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ნათია შარაშენიძე ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ირინა საჯაიას გადაყენების საკითხის ინიციატივით გამოვა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს, 1 საათზე უნდა შედგეს.
"გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვაპირებ ირინა საჯაიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დავსვა საკრებულოს სხდომაზე. ამ კომისიას არ უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელიც თავის კოლეგას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს."- თქვა ნათია შარაშენიძემ.
"ვიცი, რომ ოთხი დეპუტატი აპირებს ჩემი გადაყენების საკითხის დაყენებას. ვნახოთ, როგორ წავა პროცედურა და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს." – გვითხრა ირინა საჯაიამ.