ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. მეოთხე საკითხმა, რომელიც შეეხებოდა ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს ნომერ პირველ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, დეპუტატების აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კონკრეტულად კი 61-ე მუხლში მოხდა ცვლილება შემდეგი რედაქციით, "საკრებულოს სხდომის მონაწილეები, საკრებულოს წევრი ან დამსწრე წესრიგის დარღვევისათვის სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაძევებული იქნეს დარბაზიდან, თუ იგი უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას; ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას; შეურაცყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა, იმყოფება იგი საკრებულოს სხდომაზე თუ არა; თუ ის ეწინააღმდეგება სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას."
დეპუტატ გოჩა ძიმისტარაშვილის თქმით, ეს არის სულელური ცვლილება, იქედან გამომდინარე, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ვერ გააძევებს დეპუტატს, ასევე საკრებულოში არ არსებობს მანდატურის ინსტიტუტი.
კიდევ ერთი დეპუტატის ნათია შარაშენიძის თქმით, ეს ცვლილება იმისთვისაა, რომ მოხდეს ოპოზიციონერი დეპუტატების გაკონტროლება. "თქვენ საკრებულოს თავმჯდომარე ხართ თუ დიქტატორი"- კითხა შარაშენიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გელა კობალაძეს.
კობალაძის თქმით, ეს არაა დიქტატორული გადაწყვეტილება, უბრალოდ მოხდა საკითხის დაკონკრეტება და არავინ არ გეგმავს, რომ სხდომას ვინმე არ დაესწროს.
დეტალებს საკრებულოს სხდომიდან, "გურია ნიუსი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.