დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ერთსქესიანთა ქორწინების შესაძლო დაკანონებაა. საზოგადოების აზრი ამ საკითხზე ორად იყოფა.
დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არ უნდა მოხდეს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს აუცილებელია.
პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ "ერთსქესიანთა შორის ქორწინების თემა ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად ვერ იქცევა"
_ ერთი სქესის ადამიანთა შორის ქორწინების თემა დღეს ყველაზე აქტუალური თემა, ჯერჯერობით, ნამდვილად არ არის. მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე განჭვრეტად მომავალში საქართველოში ასეთი კანონის მიღების პერსპექტივა ნულის ტოლია.
არც იმის რაიმე ნიშანი ჩანს, რომ რომელიმე რამდენადმე მაინც რეიტინგული პოლიტიკური ძალა აპირებდეს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნას და ამ მოთხოვნის საარჩევნო დაპირების პაკეტში შეტანას.
ამ საკითხის როგორც მომხრე, ისე _ მოწინააღმდეგე უკიდურესად რადიკალურმა ჯგუფებმა შეიძლება სცადონ კიდეც თემის გამწვავება, თუმცა, ეს დარჩება მხოლოდ მათ შორის მიმდინარე დისკუსიად, რომლის მშვიდობიანი ფორმით წარმართვის სრული უფლება აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი თემა ჩვენი საზოგადოების უკიდურეს პოლარიზებას იწვევს ხოლმე, ყველაფრიდან ჩანს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მტკიცე კონსენსუსს მიაღწია და ერთსქესიანთა შორის ქორწინების თემა ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხად ვერ იქცევა, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ვასილ მაღლაფერიძემ.