დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა იწყება.
სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული ცვლილებების პაკეტით, რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმების დაწესებაა გათვალისწინებული.
საქმე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს ეხება. ცვლილებების მიხედვით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.