საქართველოს იუსტიციის მინისტრი მისი ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელებაზე უარს ამბობს. კერძოდ, მოსამართლეებისთვის უვადოდ დანიშვნამდე სამწლიანი გამოსაცდელი ვადა აღარ დაწესდება, თუმცა, ყველა მოსამართლეს კონკურსის გავლა მაინც მოუწევს. თეა წულუკიანის ამ განცხადებას არასამთავრობო სექტორის ნაწილი დადებითად აფასებს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ე.წ. ოდიოზური მოსამართლეების სისტემაში დარჩენით საფრთხე რომ არ შეიქმნას, ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს.
"მე არ მომწონს გაუქმდეს პრობაცია მათთვის, ვინც 10 წელი იყო მოსამართლე და ავტომატურად გადაინიშნონ ხელახლა მოსამართლეებად. მაგრამ ჩემი ეს პოზიცია არ მოგწონთ თქვენ, ვენეციის კომისიას და სულ ახლახანს ევროპარლამენტმა თქვა, რომ არ არის სწორი. გამოდის, რომ ევროსტრუქტურები და თქვენ ხართ ერთ პოზიციაზე, შესაბამისად, მე ვიხევ უკან ამ ერთ ნაწილში, ვუჯერებ ევროპარლამენტს, ვენეციის კომისიას, მაგრამ სხვა ნაწილებში რეფორმა უნდა განხორციელდეს", _ უთხრა მოსამართლეებს თეა წულუკიანმა.
თუმცა, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ არ აპირებს შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების შესახებ და რეფორმის ამ ტალღას ბოლომდე მიიყვანს. ასევე, სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის შემუშავებული იქნება სისტემა, რომელიც მათ პოზიციაზე დანიშვნას კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის.
"მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, გაგრძელდება. იმედი მაქვს პარლამენტის მხარდაჭერით, ჩვენ ვაქცევთ საქმეთა ელექტრონული განაწილების პრინციპს კანონად თვის ბოლომდე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დამოუკიდებელი, ინდივიდუალური და მიკერძოებელი მოსამართლის გარეშე არ არსებობს საქართველოს დემოკრატიული მომავალი", _ აღნიშნა წულუკიანმა
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დაწესებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მოსამართლეთა კორპუსი. პროცესთან დაკავშირებით, კითხვები ჰქონდათ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს; თუმცა, ისინი აღნიშნავდნენ, რომ სისტემაში რეფორმის გატარება აუცილებელი იყო.
ცნობისთვის, სამწლიანი გამოსაცდელი ვადა კონსტიტუციაში წინა ხელისუფლების დროს შევიდა. კერძოდ, კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ "მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა."
"გურია ნიუსი" შეეცადა გაერკვია, ექმნება თუ არა საფრთხე მართლმსაჯულების რეფორმას იუსტიციის მინისტრის უკან დახევით და რა რისკებს ხედავენ იურისტები იმ მოსამართლეების სისტემაში დატოვებით, რომლებზეც კითხვის ნიშნები არსებობს.
ცენტრ "მომავლის ინიციატივების" ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით განწესებასთან დაკავშირებით გაცილებით დიდ შეცდომას დაუშვებდა, ვიდრე მისი გაუქმება გამოიწვევს.
"ვენეციის კომისიის დასკვნა ასეთი კატეგორიული, როგორიც სამწლიან გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით იყო, აქამდე არასოდეს ყოფილა. სამწლიანი გამოსაცდელი ვადა, როგორც პოლიტიკური ასევე ლოიალური გავლენის მოპოვების მცდელობად არის აღქმული საზღვარგარეთ და ეს გასაგებიცაა, რადგან მათთვის მთავარი ინსტიტუტებია და არა მათში დასაქმებული კონკრეტული ჩინოსნები ან საქმეები. კონსტიტუციური ინსტიტუტები რევოლუციურ ცვლილებებს ვერ იტანენ. მთავარია საბედისწერო შეცდომები არ დავუშვათ და ეს ყველაფერი რეალურად განხორციელდეს.
ნატო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, აშშ ხაზგასმით მიუთითებენ სამ მიმართულებაზე – შსს-ს გაყოფას, პროკურატურისა და სასამართლოს რეფორმებს კი არ დავაკვირდებით, ჩართული ვიქნებით პროცესებშიო. ამ პირობებში, ამ რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა, სამწლიან ვადასთან დაკავშირებით, შეცდომა იქნებოდა. რადგან ის შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური ლოიალობის ან პოლიტიკური ჯგუფისადმი გავლენის მოხდენის მიზნით", _ აღნიშნავს ალაფიშვილი.
რაც შეეხება კონკურსსა და მის პროცედურებს, რომელიც ყველა მოსამართლისთვის მაინც სავალდებულოდ რჩება, ალაფიშვილი ამბობს, რომ თუ აქაც არ მოხდა ცვლილებები და კონკურსი გამჭვირვალე არ გახდა, კითხვის ნიშნები მაინც დარჩება.
"გამჭვირვალობის მაქსიმალური ხარისხი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების მინიმალურ დონეზე დაყვანა უნდა იყოს სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. სუბიექტურად "მომწონს", "არ მომწონს" გადაწყვეტილების მიღება არასწორია.
ტექნოლოგიების განვითარების კვალობაზე შესაძლებელია ადამიანის მონაწილეობის გარეშე შემოწმდეს ცოდნა, კომპეტენცია და ა.შ. სადაც ეს საკმარისი არ აღმოჩნდება, მაგალითად, მეტყველების კულტურის, თუ ორატორული ხელოვნების შესაფასებლად, იქ შესაძლებელია შემფასებლად ადამიანის ჩართვა. მინიმალურად უნდა იყოს შემფასებლად ადამიანი გამოყენებული, სადაც დარჩება, იქ სუბიექტური აზრისთვის ადგილი არ უნდა დარჩეს", _ აღნიშნავს ალაფიშვილი.
იურისტი ასევე არ გამორიცხავს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ხელისუფლებას, შესაძლოა, მოსამართლეების ნდობის მოპოვება წინასაარჩევნოდ სჭირდებოდეს.
"საფრთხეები და რისკები არის იმისა, რომ სასამართლოს პოლიტიკური ლოიალობა წინასაარჩევნოდ მოიპოვონ. სასამართლოს და მედიის კონტროლია მთავარი, თორემ სამართალდამცავი სტრუქტურა ისედაც ხელისუფლების კონტროლქვეშაა. ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს ერთი გარემოება მაძლევს. როდესაც ახლადდანიშნული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ლევან მურუსიძეს მწვავედ დაუპირისპირდა სწორედ ამ გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით, მურუსიძე მეორე დღეს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიბარა და შეხვდა, რაც პროტოკოლურად გათვალისწინებულიც კი არ იყო. შემდეგ კი განაცხადა, რომ ეს არის ადამიანი, რომელთან ერთადაც ჩვენ უნდა ვიაროთ, დავსახოთ რეფორმები და ა.შ. – ეს იყო პოლიტიკური, სამთავრობო მხარდაჭერის გამოვლინება ჩემთვის, რომელსაც გარკვეული ფასი შესაძლოა ჰქონდეს. რაღაც ჯგუფმა სასამართლო სისტემის შიგნით, მიიღო პოლიტიკური მხარდაჭერა, გაძლიერდა მეორესთან მიმართებაში და შემდგომ, განვითარდა ის პროცესები, რაც ვნახეთ. ეს ყველაფერი ატარებს პოლიტიკურ შეფერილობას და არ ვფიქრობ, რომ ამაში მთავრობა არ არის ჩარეული", _ აღნიშნავს ალაფიშვილი და დასძენს, რომ თუკი, გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით პარლამენტში არჩევნებამდე იქნება ინიცირებული კანონპროექტი, ამას საკანონმდებლო ორგანო მიიღებს კიდეც.
"იუსტიციის მინისტრის დამოკიდებულების მიუხედავად, რომელიც არ ეთანხმება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვენეციის კომისიას, პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ გამოსაცდელი ვადა არ უნდა იყოს თუნდაც მცირეოდენი წუხილის და არაკეთილსინდისიერად პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების საფრთხის, ან რისკის საფუძველი", _ აღნიშნავს ალაფიშვილი.
ალაფიშვილის მსგავსად, ფიქრობს "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილიც, რომელიც, "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გაუქმება, მართლმსაჯულების რეფორმას უკან ვერ დახევს.
"იუსტიციის მინისტრის განცხადება არ ნიშნავს სასამართლო სისტემაში მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის შეფერხებას. მიღებული გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ მას რეალურ რეფორმების გატარება სურს. ხელისუფლება ევროასოცირების ხელშეკრულების ერთგული რჩება. არ ვფიქრობ, რომ მინისტრის დღევანდელი განცხადება უკან ხევს ან რაიმე საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემას. ასეთი ნაბიჯი სხვა ინიციატივებთან მიმართებით არ გადაიხედება, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელია", _ აღნიშნავს კაიკაციშვილი და დასძენს, რომ "სასამართლო, სახელისუფლებო განწყობებსა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის "საჯილდაო ქვად" არ უნდა იქცეს".
"არადა, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება რჩება, რაც რეფორმას დააზიანებს. მოსამართლეები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ თითქოს ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო ზემოქმედების და ჩარევის ფაქტებთან დაკავშირებით, ასეთი მკვეთრი პოზიცია არ გამოუხატავთ 2004-2012 წლების მმართველობის პერიოდში, როდესაც სასამართლოს ავტორიტეტი ნულოვანი იყო", _ აღნიშნავს კაიკაციშვილი.
იმ ფონზე, როდესაც კითხვის ნიშნები არსებობს კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, კაიკაციშვილი ამბობს, რომ ეს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სამართლიანობის პროცესს საფრთხეს ნამდვილად უქმნის, თუმცა კანონი ამ მოსამართლეების სისტემიდან გაშვების შესაძლებლობას არ იძლევა.
"კანონის მოცემულობაა იმგვარი, რომ ამას ვერ დაარღვევს ვერც მინისტრი, ვერც სახელმწიფო და ვერც რიგითი მოქალაქე. როცა ადამიანი მოსამართლეა, არსებობს მისი ინდივიდუალური როლი და მისი გაძლიერების მექანიზმები. თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ ცალკეული მოსამართლე უღირს გადაწყვეტილებას იღებდა წარსულში, სამწუხაროდ, მოცემულობა ისეთია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათთან ერთად მართლმსაჯულების გაძღოლა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ გამოწვევებს სხვა მიმართულებით დავხვდეთ. რაც გულისხმობს სამოსამართლო საქმიანობაში ახალი კადრების მოყვანას, ახალი მოსამართლეების დანიშვნას, რომლებსაც სისტემური დანაშაულების დაკანონებაში ადრე მონაწილეობა არ აქვს მიღებული.
უნდა შეიქმნას კოლეგიალური გარემო. თუმცა, რეპუტაციაშელახულ მოსამართლეებს საზოგადოება ლუპით უნდა დავაკვირდეთ, თავისუფალ გარემოში რამდენად იღებს ზეგავლენისგან თავისუფალ გადაწყვეტილებას. სხვა მექანიზმი, ე.წ. ოდიოზური ფიგურების სასამართლოდან გაშვების არ არსებობს. თუმცა, რეფორმები უნდა გაგრძელდეს და შესაძლებელია, მომავალში სხვა ინსტრუმენტები და ინსტიტუტები იქნეს გამოყენებული, მაგალითად, მოსამართლეთა დისციპლინური წესის გაძლიერება და საქმეთა ელექტრონული სისტემით წარმოება. მიმაჩნია, რომ ეს ორი მნიშვნელოვანი პრინციპი ახალ რეფორმაში, შექმნის იმ გარემოს, სადაც მოსამართლე, რაც არ უნდა დიდი იყოს კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების ცდუნება, ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებას მიიღებს. სხვა მექანიზმი შეუძლებელია მოიფიქრონ, თუ არა თავად სასამართლო სისტემაში ინსტიტუტების გაძლიერება, რომელთა მუშაობაც თავად უზრუნველყოფს მოსამართლის გაბედულობას და ერთგვარ კათარზისს. მოსამართლეები უნდა გრძნობდნენ, რომ ემსახურებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებას, ემორჩილებოდნენ კანონს და არა პარტიულ ინტერესებს", _ აღნიშნა კაიკაციშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.
ამავე თემაზე:
რეფორმა კრიტერიუმების გარეშე და სასამართლო, როგორც "საბავშვო მანეჟი"